ოკუპირებული აფხაზეთი აშშ-ს “საქართველოს სამხედრო პოტენციალის ზრდასთან” დაკავშირებით განმარტებას მოსთხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, 2021 წელს უწყება სადაზვერვო და საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვას გეგმავს.

ე.წ. უწყება აცხადებს, რომ “საქართველოს ხელმძღვანელობა სამხედრო პოტენციალის ზრდა მორიგჯერ ცდილობს, დაასაბუთოს უსაფრთხოების უზრუნველყოფითა და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებით. თუმცა, რთულია, გაამართლო სადაზვერვო და საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვა მხოლოდ თავდაცვის მიზნით.

მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე, სადაც საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატები აქტიურად გამოიყენებოდა, რომლის შედეგად აზერბაიჯანულმა მხარემ შეძლო შემტევი ოპერაციის განხორციელება, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს საქართველოს ასეთი გეგმა. ცხადია, რომ შეიარაღების ეს თანამედროვე საშუალებები შეიძლება, იყოს გამოყენებული მხოლოდ დაურეგულირებელი კონფლიქტების ძალისმიერი მოგვარებისთვის.

საქართველოს მთავრობის ამგვარი ქმედება მის ღია აგრესიულ განწყობაზე მიუთითებს უახლოესი მეზობლების მიმართ და მთლიანად აუფასურებს დეკლარირებულ ნაბიჯებს არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების კუთხით. არ იწვევს ეჭვს, რომ საქართველოს მილიტარიზაციისკენ მიმართული კურსი ვაშინგტონის მიერ არის მხარდაჭერილი, რომელიც თბილისის სტრატეგიული პარტნიორია.

ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ საქართველოს მილიტარიზაციის პროცესის ინტენსიფიცირება სახიფათო ხასიათს ატარებს და მშვიდობისა და სტაბილურობისთვის პირდაპირი საფრთხის მომტანია. აფხაზური მხარე შეშფოთებას გამოთქვამს ქართული მხარის პროვოკაციული ქმედების გამო, რომელსაც შეუძლია, კონფლიქტების ზონაში ახალი დაძაბულობა გამოიწვიოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, “აფხაზური მხარე აშშ-ის წარმომადგენლებს მოსთხოვს დეტალურ განმარტებას საქართველოს ხელისუფლების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები