პაატა იმნაძე: გადაჭარბებულად ნუ შეგვაშინებს ახალი შტამი, არავითარი დიდი განსხვავება ახალ და ძველ შტამებს შორის არ არის
“გადაჭარბებულად ნუ შეგვაშინებს ახალი შტამი, არავითარი დიდი განსხვავება ახალ და ძველ შტამებს შორის არ არის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „კოვიდ-19“-ის ახალ შტამთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, იმ ახალ შტამთანაც მთავარი რჩება იგივე – პირბადე და დისტანცია. სხვა გზა, ჯერჯერობით, მსოფლიოში არ არსებობს იმისთვის, რომ გავრცელების სისწრაფე შენელდეს.
„ჩვენ ვაკეთებთ ვირუსების სეკვენირებას ლუგარის ცენტრში. ახლა უნდა გადავარჩიოთ ის საეჭვო შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა, იყოს ახალი შტამი და მათი სეკვენირება უნდა მოხდეს. ამას გავაკეთებთ, მაგრამ არავითარი დიდი განსხვავება ახალ და ძველ შტამებს შორის არ არის. ჩვენ ყველა რეკორდი მოვხსენით მსოფლიოში. სამი ოთხი კვირის წინ მსოფლიოში პირველები ვიყავით გავრცელებით. ძნელად წარმომიდგენია, რომ იმ ახალ შტამს იმაზე სწრაფი გავრცელება ჰქონდეს, რაც ჩვენ გვქონდა, დაახლოებით, სამი კვირის წინ. აქედან გამომდინარე, იმ ახალ შტამთანაც მთავარი რჩება იგივე – პირბადე და დისტანცია. სხვა გზა, ჯერჯერობით, მსოფლიოში არ არსებობს იმისთვის, რომ გავრცელების სისწრაფე შენელდეს. ასე რომ, გადაჭარბებულად ნუ შეგვეშინდება ახალი შტამის. ისიც საკმარისია, რაც დღეს ცირკულირებს“, – განაცხადა იმნაძემ.