თეა ახვლედიანი: ვიმყოფებით რეგულარულ კონტაქტზე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დათა ვანიშვილის ოჯახის წევრებთან

“ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კრძალავს თავისუფალ გადაადგილებას, მათ შორის, ისეთი პაციენტებისთვის, როგორიც არის დათა ვანიშვილი”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, თეა ახვლედიანმა გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ დათა ვანიშვილზე საუბრისას განაცხადა.

ახვლედიანის თქმით, უწყება რეალური ვითარებიდან გამომდინარე და ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს.

“დათა ვანიშვილის ავადმყოფობის დადგენისთანავე პროცესში ჩავერთეთ. დაუყოვნებლივ ამოქმედდა ცხელი ხაზი და შესაბამისი უწყებები. კომპეტენციის ფარგლებში, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ვიყენებთ იმისათვის, რომ ადეკვატური რეაგირება მივცეთ ამ ვითარებას. კერძოდ, ჩვენ ვიმყოფებით რეგულარულ კონტაქტზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, დათა ვანიშვილის ოჯახის წევრებთან. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩვენს ხელთ არსებული არაფორმალური კომუნიკაციების არხები. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კრძალავს თავისუფალ გადაადგილებას, მათ შორის, ისეთი პაციენტებისთვის, როგორიც ამ ეტაპისთვის არის დათა ვანიშვილი. არსებული შესაძლებლობიდან და რეალური ვითარებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით”, – განაცხადა ახვლედიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები