დავით ზალკალიანი: პარლამენტში გვიხდება ერთი პარტიის წინაშე წარდგენა, რაც არ არის სწორი და კომფორტული – ეს მოცემულობა შეიქმნა ოპოზიციის უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ოპოზიციის არყოფნა პარლამენტში არ არის სწორი და ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, საჭიროა პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება, რათა ქვეყანა სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

“დღევანდელ პარლამენტში ჩვენ გვიხდება მხოლოდ ერთი პარტიის წინაშე მთავრობის პროგრამის წარდგენა, ეს არ არის სწორი და კომფორტული და ჩვენ ვერც ვიგრძნობთ კომფორტულად თავს ამ სიტუაციაში, მაგრამ ეს არის ის რეალობა, რაც შეიქმნა. ეს მოცემულობა შეიქმნა არა ხელისუფლების, არამედ იმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო, რომელსაც ავლენენ ოპოზიციური პარტიები, ვისაც საზოგადოებამ მიანიჭა მანდატი. ეს არ არის ევროპული და არ შეესაბამება ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენ დავინახეთ ჩვენი მეგობრების გამოხმაურება ამაზე, იგივე ჯეიმს აპატურაი, რომელმაც ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ნატო-ში არ იღებენ ქვეყნებს, სადაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს. ჩვენ დავინახეთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთსულოვანია ამ არჩევნების შეფასებაში, რომ ეს იყო არჩევნები, რომელიც ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ყველა ფუნდამენტური თავისუფლების დაცვით და განახლებული საარჩევნო კანონმდებლობის ფარგლებში. დარღვევებსა და ხარვეზებზე საუბარი არის, თუმცა, ეს ერთი წუთითაც არ აყენებს ეჭვის ქვეშ არჩევნების ლეგიტიმაციას. არცერთი ჩვენი პარტნიორი არ ამბობს, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურ არ იყო. ამას ამბობს მხოლოდ ის ოპოზიცია, რომელთაც ვერ მიიღეს მანდატი და არ აძლევენ საშუალებას მათ, ვინც მანდატი მიიღეს და მართლაც არ ყოფნით გამბედაობა, რომ გადადგან სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ნაბიჯი. რეგიონი და მსოფლიო გამოწვევების წინაშეა და ამ სიტუაციაში როგორ შეიძლება, მთელი საზოგადოება არ იყოს ერთიანი, რომ ჩვენ გვჭირდება კონსოლიდაცია. მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა გავერთიანდეთ, რომ გავუმკლავდეთ იმ უსერიოზულეს გამოწვევებს, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები