დღეიდან შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება, იხსნება დიდი სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება.
კერძოდ, დღეიდან:
ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში;
ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული;
ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით;
24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ზემოთ აღნიშნულ ქალაქებში კოვიდუსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში, მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები;
გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომელზეც წინასწარ გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან: მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00-დან 19:00 საათამდე;
მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით;
მაღაზიის ფართის ყოველ 20მ² დაიშვება არა უმეტეს ერთი მომხმარებელი;
მაღაზიების, როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს, ძირითადად, დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;
ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები;
ამასთან, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ პირველი თებერვლის შემდეგ;
სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის, გადატანის სერვისით;
ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები;
აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას;
ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე, საქმიანობის შეჩერება;
დღეის მდგომარეობით, სათხილამურო კურორტების გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროებისა და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის. აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა;
სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00-მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი;
რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე;
ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;