საფრანგეთის სასამართლომ პარიზში საპროტესტო აქციების დროს პოლიციას დრონების გამოყენება აუკრძალა
საფრანგეთის უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ კონფიდენციალურობის შენარჩუნების კამპანიას მხარი დაუჭირა და პარიზში საპროტესტო აქციების დროს პოლიციას დრონების გამოყენება აუკრძალა.
ВВС წერს, რომ სასამართლომ პარიზის პოლიციის უფროს დიდიე ლალემანს დაავალა, “დაუყოვნებლივ” შეწყვიტოს ადამიანების თვალთვალი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.
აღნიშნული ნაბიჯი უკავშირდება იმ საკამათო კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი განიხილავს და რომელიც პოლიციის მიერ დრონების გამოყენებას უკავშირდება.
როგორც კონფიდენციალურობის დაცვის ჯგუფ La Quadrature du Net-ში აცხადებენ, კანონპროექტის ძირითადი დებულებები აზრის გამოთქმის თავისუფლებას ზღუდავს და რომ დრონები წესრიგს ვერ უზრუნველყოფენ, პირიქით, ადამიანების დაფიქსირებას ემსახურებიან.
უსაფრთხოების შესახებ ამჟამინდელი კანონის 22-ე მუხლში ნათქვამია, რომ ძალოვნებს ეძლევათ უფლება დრონების ან ვერტმფრენების გამოყენებით გადაღებული ფოტომასალები ხელმძღვანელობას გაუგზავნონ, ასევე, შეინახონ ისინი 30 დღის განმავლობაში ან მეტი ხნით შესაძლო გამოძიების დასრულებამდე. სწორედ ამ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს ამჟამად საფრანგეთის პარლამენტში.