ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში მიმდინარე „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომაზე, სადაც პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენენ, განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ სხედან „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრები სხდომათა დარბაზის ორივეს მხარეს.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს არავინ ართმევს ადგილებს, ხელისუფლება დიდი სიამოვნებით ეპატიჟება და ელოდება მათგან მხურვალე ოპონირებას.
„როგორც ახლა მეუბნებიან, საზოგადოების ნაწილში გამოიწვია გარკვეული რეაქცია იმან, რომ ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში ორივე მხარეს არიან გადანაწილებულნი. საზოგადოებას, მედიას, იმ ჟურნალისტებს, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ რეაქციებს ახდენს, განვუმარტავ, რომ ეს არის ფრაქციის სხდომა და, ბუნებრივია, ადგილები ასე პერსონალურად არ არის განაწილებული. ოპოზიციის წარმომადგენლებს შემიძლია, მივმართო, რომ დამშვიდდნენ, არავინ ართმევს ადგილებს, პირიქით – დიდი სიამოვნებით ვეპატიჟებით და ველოდებით მათგან მხურვალე ოპონირებას. ამიტომ, არანაირი პრობლემა არ არის, ტყუილად ნუ ანერვიულდებიან“, – განაცხადა მდინარაძემ.