პაატა იმნაძე: ჯერჯერობით, არავითარი საფუძველი არ ჩანს, ვივარაუდოთ, რომ ახალმა შტამმა ადამიანებში შეიძლება, უფრო მძიმე მიმდინარეობა გამოიწვიოს
“ჯერჯერობით, არავითარი საფუძველი არ ჩანს, ვივარაუდოთ, რომ ახალმა შტამმა ადამიანებში შეიძლება, უფრო მძიმე მიმდინარეობა გამოიწვიოს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
მისი თქმით, პირველად ერთ-ერთი ასეთი მუტაცია გაზაფხულზე იყო.
„საზოგადოებისთვის ავხსნი – ბევრს უნახავს, ამ ვირუსს გვირგვინი რომ აქვს გამოშვერილი. აი, ამ გვირგვინზე არის ე.წ სპაიკ-ცილა, რომლის ერთ-ერთ გენში მოხდა ცვლილება და მან ოდნავ შეიცვალა თვისება. სხვათა შორის, ეს პირველად არ მომხდარა. პირველად ერთ-ერთი ასეთი მუტაცია გაზაფხულზე იყო, ისევ ამ სპაიკ-ცილაში, რომელმაც გამოიწვია ის, რომ უხანიდან წამოსული შტამი უფრო გადამდები გახდა. მას ევროპული შტამი ჰქვია. ინგლისელი მეცნიერების აზრით, ეს კიდევ უფრო გადამდები გახდა. ამბობენ, რომ 70 %-ით მეტად გადამდებია. ამას ეპიდემიოლოგიაში ინფექციურობა ჰქვია და არსებობს მეორე, ვირულენტურობა, ანუ რამდენად აგრესიულია ვირუსი და რამდენად მძიმე დაავადებას იწვევს ის ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ, საბედნიეროდ, ჯერჯერობით, არავითარი საფუძველი არ ჩანს, ვივარაუდოთ, რომ ახალმა შტამმა ადამიანებში შეიძლება, უფრო მძიმე მიმდინარეობა გამოიწვიოს“, – განაცხადა იმნაძემ.
მისი თქმით, ასევე, საბედნიეროდ, ჯერ არ ჩანს არავითარი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ უკვე არსებულმა ვაქცინამ ამ ახალი ვირუსის საწინააღმდეგოდ არ იმოქმედოს.