ირაკლი ღარიბაშვილი: 2021 წელს, სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობით, იგეგმება „ჯაველინის“ დამატებითი პარტიის შეძენა
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო წელს ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერებას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, სადაც მან ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა.
„მოგეხსენებათ, რომ გასულ წლებში თავდაცვის ძალებმა მიიღო „ჯაველინის“ ერთი პარტია. 2021 წელს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობით, იგეგმება დამატებითი პარტიის შეძენა. ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების გაზრდის მიზნით, დაგეგმილია ახლო რადიუსის თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, გაგრძელდება საარტილერიო კომპონენტის განვითარება და იგეგმება საარტილერიო ქვედანაყოფების თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემებით აღჭურვა.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 2021 წელს დასრულდება ჯარის აღჭურვა ნატო-ს სტანდარტების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებითა და სხვა საშუალებებით.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჰიბრიდული ხასიათის გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ყურადღება გამახვილდება ისეთ კომპონენტებზე, როგორიცაა დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი საშუალებების გაძლიერება.