ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს არასოდეს ჰქონია ასეთი მაღალი დონის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ნატო-სგან

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ნატო-სა და მის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.

მისი თქმით, საქართველოს არასოდეს ჰქონია ასეთი მაღალი დონის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ნატოსგან.

„ნატო-სთან ჩვენს ურთიერთობას საუკეთესოდ წარმოაჩენს პრინციპი – მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში. საქართველოს არასოდეს ჰქონია ასეთი მაღალი დონის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ნატო-სგან. საქართველო, სხვა მიმართულებებთან ერთად, მაქსიმალურად ცდილობს, დააკმაყოფილოს ნატო-ს წევრი ქვეყნებისათვის დაწესებული ფინანსური მოთხოვნები და მომავალშიც შეინარჩუნებს სამხედრო დანახარჯებს მშპ-ის 2%-ის ფარგლებში“, – აღნიშნა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო წარმატებით ახორციელებს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც დეკემბრის თვის, ნატო-ს მინისტერიალზე მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებით განახლდა. აღნიშნული პაკეტის ფარგლებში, მან ყურადღება გაამახვილა წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრზე (JTEC), რომელმაც გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრთან და ჩამოყალიბდა ნატო-სთან აფილირებულ ცენტრად. ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-სა და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის ასპექტით ისაუბრა საერთაშორისო წვრთნების შესახებ, რაც, მისივე განმარტებით, ხელს უწყობს ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ნატოსთან.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის თქმით, საქართველო გააგრძელებს მონაწილეობას ნატო-სა და ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები