მიხეილ ჩხენკელი: დაგეგმილია კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ახალი ექსპერიმენტული და ინოვაციური პროექტების დაფინანსება, აქტიურად მიმდინარეობს მზადება მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალებში საქართველოს მონაწილეობისათვის
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა – მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში დღის წესრიგში დადგა კულტურული ცხოვრების შენარჩუნებისა და უწყვეტობის უზრუნველყოფის აუცილებლობა. მისი თქმით, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა.
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამინისტროს მიერ სრულად შენარჩუნდა კულტურის საჯარო სექტორში ყველა სამუშაო ადგილი და კულტურის ორგანიზაციების სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის დამატებითი რესურსი მიიმართა. კერძოდ, სამინისტროს სისტემაში არსებულ თეატრებსა და მუზეუმებში შრომის ანაზღაურება გაიზარდა საშუალოდ 100 ლარით. სამინისტრომ შეინარჩუნა დარგობრივი კონკურსები და მოახდინა მათი ადაპტირება. ჩატარებულ 16 საგრანტო კონკურსში 161-მა კულტურულმა ორგანიზაციამ და 4500-მდე ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა.
,,სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებები ინოვაციურად მიუდგნენ კულტურული ღონისძიებების საზოგადოებამდე მიტანის საკითხს და ისინი ვირტუალურ და ღია სივრცეებში გადაიტანეს”, – განაცხადა ჩხენკელმა.
მინისტრობის კანდიდატმა დაწვრილებით ისაუბრა იმ აქტივობებზე, რომლებიც პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. კერძოდ, კამპანიის – „კულტურა თქვენთვის“ ფარგლებში, 1000-ზე მეტი ონლაინ კულტურული აქტივობა ჩატარდა; ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, კინოს, ფოლკლორის მიმართულებით 31 სახელოვნებო ფესტივალი გაიმართა, მათ შორის: ოქტომბერში ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობითა და UNESCO-ს მხარდაჭერითა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების რიგით მერვე საერთაშორისო ფესტივალი. ასევე, პანდემიის გამო წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი. საფესტივალო სპექტაკლები ღია ცის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაცვით გაიმართა. ივლისის თვიდან სახელმწიფო და კერძო პროფესიულ თეატრებში 49 ახალ სპექტაკლზე განახლდა მუშაობა, რომლის საპრემიერო ჩვენებებიც შეზღუდვების მოხსნასთან ერთად დაიგეგმება.
საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებითა და ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანლობით გამოიცა ეროვნული კულტურის შესახებ სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ – უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემა. სამტომეულის გადაცემა დაწყებულია მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებისათვის.
მიხეილ ჩენკელის თქმით, განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო შემოქმედებითი კვლევების მიმართულებით განხორციელებული პროექტები, მათ შორის, შეიქმნა 16 ახალი სახელოვნებო სახელმძღვანელო, გამოსაცემად მომზადდა შუა საუკუნეთა ქართული საგალობლების XIX-XX საუკუნეებში შესრულებული სანოტო ხელნაწერების 6 ტომეული. წელს პირველად გაიმართა პირველი ციფრული თეატრალური ფესტივალი, შეიქმნა მსოფლიო დრამატურგიის ონლაინ პლატფორმა, რეგიონული თეატრების ელექტრონული გზამკვლევი, განხორციელდა ქართული კინომემკვიდრეობის ოქროს ფონდში შემავალი 9 ფილმის დიგიტალიზაცია და ციფრული რესტავრაცია. დაინერგა და აქტიურად მიმდინარეობს დისტანციური სწავლება სალოტბარო სკოლებში. კულტურული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა კულტურული მარშრუტების პირველი მობილური აპლიკაცია. სამინისტროსა და პირველი არხის თანამშრომლობით წელს პირველად განხორციელდა მუსიკალური პროექტი „ქუჩის მუსიკოსების ფესტივალი“, რომელმაც პროფესიონალი და არაპროფესიონალი მუსიკოსები დააკავშირა და ხელი შეუწყო მათ წარმოჩენას.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრობის კანდიდატმა საერთაშორისო მიღწევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ქართული კინოს მონაწილეობა საერთაშორისო კინოფორუმებში: რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ წარდგენილია საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსით, ოსკარის ნომინაციაზე. ფილმი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში დასახელდა, სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კი 4 ჯილდოს მფლობელი გახდა. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელოვნების სასახლის პროექტმა „ქსოვილი საქართველოდან“ ევროპის საბჭოს 21-ე საუკუნის სტრატეგიის (ST21) საუკეთესო პრაქტიკის ნომინაცია და, ასევე, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – 2020 Travelers Choice Award მოიპოვა“.
სამომავლო პროექტებზე საუბრისას მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ 2021 წელს დაგეგმილია კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ახალი ექსპერიმენტული და ინოვაციური პროექტების დაფინანსება. აქტიურად მიმდინარეობს მზადება ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალებში საქართველოს მონაწილეობისათვის, როგორებიცაა: ევროპალია 2023, ბერლინალე, ბოლონიის, ფრანკფურტისა და პარიზის წიგნის ბაზრობები. 2021 წლის შემოდგომაზე კი საქართველო ქუთაისში უმასპინძლებს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მასშტაბურ ფორუმს, რომელსაც ევროპის ქვეყნებიდან კულტურული ტურიზმის სექტორისა და საერთაშორისო ინსტიტუციების 300-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.