მაია ცქიტიშვილი: განსაკუთრებული პოტენციალის მქონე ძველი კურორტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად პროექტები გაგრძელდება
“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განსაკუთრებული პოტენციალის მქონე ძველი კურორტების გაცოცხლების, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროექტებს კვლავ განაგრძობს”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.
მისი თქმით, იგეგმება მრავალი პროექტის განხორციელება, რომელიც ახალი ტურისტული ლოკაციების თუ მარშრუტების ჩამოყალიბებასა და ამ გზით რეგიონის მოსახლეობისთვის დასაქმების და შემოსავლების მიღების ახალი შესაძლებლობების შექმნას ხელს შეუწყობს.
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კვლავ განაგრძობს განსაკუთრებული პოტენციალის მქონე ძველი კურორტების გაცოცხლების, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისა და ახალი მიზიდულობის ცენტრების შესაქმნელად ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ურბანული განახლების პროექტებს. მოწესრიგდება და განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურაც. მოეწყობა როშკა-არხოტის, ტობავარჩხილისა და მწვანე ტბასთან მისასვლელი გზები, დასრულდება ყაზბეგის მუზეუმისა და ბორჯომის კავალერიის მუზეუმის რეაბილიტაცია, ონის მუზეუმის მშენებლობა, ფოკის და ზარზმის მონასტრებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და მრავალი სხვა მსგავსი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონებში ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას, ახალი ტურისტული ლოკაციების თუ მარშრუტების ჩამოყალიბებას და ამ გზით რეგიონის მოსახლეობისთვის დასაქმების და შემოსავლების მიღების ახალი შესაძლებლობების შექმნას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.