ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყე-პარკის აღდგენისთვის მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყე-პარკის განახლებასა და აღდგენაზე მუშაობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, მიმდინარეობს არსებული უნიკალური ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება და “წითელი ნუსხის” სახეობის მცენარეების გაშენება.

“სააგენტო ტყე-პარკში მტკვრის ჭალის ინფრასტრუქტურისა და მწვანე საფარის აღდგენის ღონისძიებებს ახორციელებს. ხეების უკანონო ჭრისა და ბრაკონიერობისაგან პარკის დაცვის მიზნით, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიის 150 ჰა შემოიღობა.

ტყე-პარკში 100 კილოვატიანი მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა, რომელიც გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF, პროგრამა “მტკვარი 2, UNDP) მიერაა დაფინანსებული.  გამომუშავებული ელექტრო ენერგია განსაზღვრულია სარწყავი წყლის სატუმბი სადგურის, ჭალის ტყის საირიგაციო სისტემების, არსებული 11 სათევზაო ტბორის წყალშევსებისა და საკუთრივ ტყე-პარკის გზებისა და ბილიკების განათებისათვის.

ტყე-პარკში,  მდინარე მტკვარზე ველური ბუნების სააგენტოს მიერ დაპროექტებული სარწყავი წყლის სატუმბი სადგური უახლოეს მომავალში განთავსდება. ასევე, კრწანისის ტყე-პარკში მიმდინარეობს ველური ბუნების სააგენტოს სათაო ოფისის მშენებლობა, რომელიც 2021 წლის გაზაფხულამდე დასრულდება.  ველური ბუნების სააგენტოს მიერ კრწანისის ტყე-პარკის შესასვლელში ავტოსადგომი მოეწყო და დაცვის სამსახური განთავსდა.

ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შედეგად, პარკი თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დაიბრუნებს. ტყე-პარკი წარმოადგენს მტკვრის ჭალის ბუნებრივ ეკოსისტემას და იგი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის, სადაც გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით. ტყე-პარკში დაგეგმილია „მწვანე საბჭოს” საკონფერენციო დარბაზისა და “წითელი ნუსხის” სახეობების დენდრო პარკის გაშენება”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები