ლევან დავითაშვილი: დაცული ტერიტორიების სააგენტოს საგრანტო პროექტების პორტფელის ღირებულება უპრეცედენტოდ მაღალია და 54 მილიონ ლარს აღწევს
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობენ დაცული ტერიტორიების საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებაზე, როგორც არსებულ, ასევე ახალი პარტნიორების მოძიების მიმართულებით”,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია როგორც ფინანსური მხარდაჭერა, ისე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საქართველოში დანერგვა.
“დაცული ტერიტორიების სააგენტოს საგრანტო პროექტების პორტფელის ღირებულება უპრეცედენტოდ მაღალია და მიმდინარე პერიოდში 54 მილიონ ლარს აღწევს, საიდანაც 2020 წლისთვის გათვალისწინებული იყო დაახლოებით 14 მილიონი. ამ პროექტებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიის განვითარების ბანკის (KFW), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), შვედეთის მთავრობის, ევროკავშირის (EU), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF), მსოფლიო ბანკის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მხარდაჭერა.
2020 წელს განხორციელებული პროექტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი კორონავირუსის Covid 19-ის გამო არსებული გამოწვევების დასაძლევად მიღებული 4 200 000 ლარის გრანტი. ასევე, აღსანიშნავია, ფშავ-ხევსურეთის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა შატილში, რომელიც წელს დაიწყო და 4 000 000 ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს. დასრულდა საზოგადოებრივი სკვერის მშენებლობა მანგლისში (ინვესტიცია დაახლოებით 760 000 ლარი), დასრულდა საფეხმავლო ბილიკების მშენებლობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ნეძვის აღკვეთილში და დასრულების ეტაპზეა აბასთუმნის და ალგეთის ეროვნული პარკის ბილიკების მოწყობა (ინვესტიცია ჯამში დაახლოებით 1 მილიონი ლარი), აშენდა „თოკების პარკის“ ატრაქცია კოლხეთის ეროვნულ პარკში (ინვესტიცია 285 000 ლარი).
2021 წელს, ამ ეტაპზე არსებული გეგმების მიხედვით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება, რომელთა ჯამური ღირებულება 60 მილიონ ლარამდეა. გრანტები მიმართულია საკონსერვაციო ღონისძიებების გასაძლიერებლად, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. მათ შორის, დაგეგმილია ოქროჯანაშვილის მღვიმის განვითარების პროექტი, რომლისთვისაც გამოყოფილია 1 995 000 ლარის ფინანსური რესურსი. საოპერაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად კი სააგენტოს ბიუჯეტში მობილიზებული იქნება დაახლოებით 3 990 000 ლარის გრანტი”,- განაცხადა მინისტრმა.