ლევან დავითაშვილი: თანმიმდევრულად ვმუშაობთ გარემოსდაცვითი მიმართულებებით პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც განსაზღვრული გვაქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით
„ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობთ გარემოსდაცვითი მიმართულებებით პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც განსაზღვრული გვაქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით და რომელიც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობისა და პოლიტიკის სრულად დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამინისტრომ არაერთი საკანონმდებლო აქტი შეიმუშავა.
“დამტკიცდა ჰაერის ხარისხის მართვის ახალი, ევროპული სტანდარტები; დამტკიცდა 2020-2022 წლების ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა; საწვავის ხარისხის ნორმების დაცვის მიზნით, მნიშვნელოვნად გამკაცრდა სანქციები დარღვევისთვის; დამტკიცდა ახალი რეგულაციები სამრეწველო საწარმოებიდან ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და გამონაბოლქვის კონტროლის ევროპული სისტემის დანერგვის მიზნით; ქვეყნის 200-მდე მსხვილ საწარმოს მომდევნო წლიდან დაუდგინდა მოთხოვნები ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად; დადგინდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ევროპული სტანდარტები; მომზადდა „წყლის რესურსების მართვის შესახებ” კანონპროექტი. ახალი კანონმდებლობა დანერგავს მდინარეთა სააუზო მართვას; შემუშავდა საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგიისა და მოქმედებათა პროგრამის პროექტი; შემუშავდა კლიმატის ცვლილების ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განახლებული დოკუმენტი; შემუშავდა კლიმატის ცვლილების სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა”, – განაცხადა მინისტრმა.