ლევან დავითაშვილი: პანდემიის პირობებში არსებული სირთულეების მიუხედავად, სოფლის მეურნეობაში და აგრობიზნესში წარმოების, მიწოდების და რეალიზაციის პროცესი არ შეჩერებულა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პანდემიის პირობებში არსებული სირთულეების მიუხედავად, ქვეყანაში, სოფლის მეურნეობაში და აგრობიზნესში წარმოების, მიწოდების და რეალიზაციის პროცესი არ შეჩერებულა.

მისივე თქმით, პანდემიის მიუხედავად, სურსათის ეროვნული სააგენტო შეუფერხებლად ახორციელებს ყველა იმ საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის უვნებელი სურსათის მიწოდებას, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, ქვეყნის ვეტერინარულ კეთილსაიმედოობასა და მცენარეთა დაცვის ღონისძიებების გატარებას.

“განხორციელებული და მიმდინარე პოლიტიკის თანმიმდევრულობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება უკანასკნელ წლებში სტაბილურად მზარდია. 2012 წლიდან 2019 წლამდე, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში, პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი 1.6 მილიარდი ლარით (43%), ხოლო შექმნილი დამატებული ღირებულების მაჩვენებელი 1.0 მილიარდი ლარით (44%) გაიზარდა. ამავე პერიოდში, აღნიშნული მაჩვენებლების საშუალო მნიშვნელობა, გაანგარიშებული დარგში ერთ დასაქმებულზე, შესაბამისად, 73%-ით და 74%-ით გაიზარდა, რაც დიდწილად წარმოების საშუალო პროდუქტიულობის ზრდითაა განპირობებული.

განვითარდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული ბიზნეს სექტორი, კერძოდ, 2012-2019 წლებში, ბიზნეს სექტორის მიერ პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი 163%-ით გაიზარდა, ხოლო აღნიშნულ პერიოდში, საშუალო წლიური მატების ტემპმა 15% შეადგინა. ბიზნეს სექტორის განვითარების მაღალმა ტემპმა განაპირობა სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში პროდუქციის გამოშვების მთლიან მოცულობაში, ბიზნეს სექტორის წილის 6%-დან 12%-მდე გაზრდა. პირველადი წარმოების პარალელურად, ვითარდება სურსათისა და სასმელების წარმოება. 2012-2019 წლებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი 42%-ით გაიზარდა.

2020 წელს არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშებული პროგნოზების შედეგად, პროდუქციის გამოშვების, ასევე დარგში შექმნილი დამატებული ღირებულების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 12%-ით გაიზრდება. შესაბამისად, 2020 წელს, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში, პროდუქციის გამოშვების საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 5.8 მილიარდ ლარს, ხოლო შექმნილი დამატებული ღირებულების საპროგნოზო მაჩვენებელი, დაახლოებით 3.6 მილიარდ ლარს შეადგენს.

პანდემიის მიუხედავად, სურსათის ეროვნული სააგენტო შეუფერხებლად ახორციელებს ყველა იმ საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის უვნებელი სურსათის მიწოდებას, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, ქვეყნის ვეტერინარულ კეთილსაიმედოობასა და მცენარეთა დაცვის ღონისძიებების გატარებას.

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შეუფერხებლად ჩატარდა ვეტერინარული ღონისძიებები, მათ შორის, საკარანტინო ზონებში. გეგმის მიხედვით განხორციელდა მცენარეთა მავნებლების, მათ შორის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები, რაც განაპირობებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას”,- განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები