ირაკლი ღარიბაშვილმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიშზე დაშავებული სამხედროების ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2020 წლის ანგარიშზე ისაუბრა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „რედისონ ტერასაზე“ ღია სივრცეში, სათანადო წესების დაცვითა და რეგულაციების გათვალისწინებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა იმ ახალ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დაჭრილი და დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს.
“მინისტრმა ახლადშემუშავებული ტრანზიციის პროგრამა გამოყო, რომელიც გრძელვადიან სამკურნალო შვებულებაში მყოფი სამხედროების აქტიურ სამხედრო სამსახურში დაბრუნებას ან სამოქალაქო ცხოვრებაში გადასვლის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, მომავალი წლიდან რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ახალი პროგრამა დაიწყება. მინისტრის ინიციატივით ასევე, დაწესდა დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღე, რომელიც პირველად 2021 წლის 27 იანვარს აღინიშნება.
ირაკლი ღარიბაშვილმა დაჭრილი და დაშავებული სამხედროების მიმართ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის კომპანია „სილქნეტისა“ და „დაჭრილ მებრძოლთა ფონდის“ წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქართველ მებრძოლებზე ზრუნვა დიდი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულება და კერძო და სახელმწიფო სექტორის ნაყოფიერი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. მინისტრმა ასევე, აღნიშნა თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ფონდის ჩართულობა დაშავებული მებრძოლებისთვის არსებული ტრავმების სკრინინგისა და აუცილებელი სამედიცინო ინტერვენციის განხორციელებასთან დაკავშირებით ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2020 წლის ანგარიშზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გიორგი რამიშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერი პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესსი, აშშ-ის სამხედრო ატაშე სტეფანი ბეგლი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, აშშ-დან კი, ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩაერთო საქველმოქმედო ორგანიზაციის Allied Forces Foundation დამფუძნებელი სტუარტ ტეილორი.
შემაჯამებელი ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის იყო, შესაბამისად, მისი მსვლელობის პარალელურად ზუმის ჩათში ყველა მსურველმა შეძლო თავისი შემოწირულობის დაფიქსირება. „დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდმა დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების, ასევე, ვეტერანების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და საქველმოქმედო ღონისძიება განახორციელა. ფონდი დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ისეთ საკითხებში უწევს დახმარებას, როგორიცაა სახლის ადაპტირება, შვილების რეაბილიტაცია/მკურნალობა, უცხოეთში ოპერაციის, უცხო ენის კურსების, მედიკამენტების, სამედიცინო აპარატის შესყიდვის დაფინანსება და სხვა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.