ონლაინ ფორმატში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეექვსე სხდომა გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 15 დეკემბერს ონლაინ ფორმატში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეექვსე სხდომა გაიმართა.
მათივე ცნობით, სხდომას, როტაციის პრინციპის შესაბამისად, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი წარუძღვა. საქართველოს დელეგაციას კი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ხელმძღვანელობდა.
“ასოცირების კომიტეტზე ქართულმა მხარემ წარმოადგინა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია. ევროკავშირის მხარემ აღნიშნა ის დადებითი ცვლილებები, რომლებიც საქართველომ განახორციელა მრავალი მიმართულებით, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, სასამართლო და საარჩევნო სისტემის რეფორმის და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით. შეხვედრაზე ასევე განისაზღვრა ის საკითხები, რომელთა ირგვლივ მხარეები კვლავ გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას რეფორმების პროცესის გაძლიერებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირის მხარემ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტუნარიანი, რომელიც ჩატარდა თავისუფალ გარემოში. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა იმუშაონ არჩევნებზე დაფიქსირებული ხარვეზების შემდგომი გამოსწორების მიზნით. ევროკავშირის მხარემ გამოხატა მხარდაჭერა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების საპარლამენტო სივრცეში წარმართვისა და ხაზი გაუსვა პარლამენტის ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას.
ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ასევე განხილული იქნა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გამოხატა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერა. ქართულმა მხარემ მიმოიხილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და ის ანექსიური ნაბიჯები რასაც ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მხარეებმა აღნიშნეს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობა, ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის მნიშვნელობას. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ქართულმა მხარემ ასევე ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ეფექტიანი განხორციელების პროცესზეც. შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვა საკითხებზეც ისაუბრეს. კერძოდ, კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს წვლილი ევროკავშირის სამხედრო მისიებში. კერძოდ, ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მზაობას, გააგრძელოს ევროკავშირის მისიებში ჩართულობა. მხარეებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხები, ისეთ სფეროებში როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა და სხვა. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, გააგრძელონ მუშაობა ამ საკითხებზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ასოცირების კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობა უსაფრთხოების საკითხებში. ევროკავშირმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, მათ შორის ევროკავშირში საქართველოს ეკონომიკურ ინტეგრაციის პერსპექტივას. განხილული იქნა საქართველო-ევროკავშირის სექტორულ თანამშრომლობის დღის წესრიგი, ისეთ მიმართულებებით, როგორიცაა მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა, რეგიონული განვითარება, სოფლის მეურნეობა, თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში.
აღინიშნა ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროკავშირში ფიზიკური ინტეგრაციის პროცესში და გამოიხატება ერთობლივ პროექტებში ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების და გარემოს დაცვის სფეროებში. ევროკავშირში ფიზიკური ინტეგრაციის მიმართულებით განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოში მიმდინარე სტრატეგიული დანიშნულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ევროკავშირისა და საქართველოს მხარეებმა ასევე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი განვითარების ხედვები. კერძოდ აღინიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა, რომელიც 2021 წლის პირველ ნახევარში გაიმართება, საფუძველი უნდა ჩაუყაროს პარტნიორობის ახალ სტრატეგიასა და ახალ მიზნებს, რომლებიც მასში მონაწილე თითოეული პარტნიორის – და განსაკუთრებით ასოცირებული პარტნიორების – მისწრაფებებს, ამბიციებსა და შესაძლებლობებს ასახავენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლებისა და მეცნიერების სფეროში ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს აქტიურ მონაწილეობას, როგორც ქართველი სტუდენტებისთვის ევროპის უნივერსიტეტებში განათლების მიღების, ასევე ქართული უნივერსიტეტების ევროპულ უნივერსიტეტთა ქსელში ჩართვის შესაძლებლობების გაზრდის კუთხით.
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოქმედ უვიზო მიმოსვლაზე. ევროკავშირის მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები უვიზო მიმოსვლის შეუფერხებლად ფუნქციონირების შენარჩუნების მიზნით. აღინიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უწყვეტად მიეწოდებათ ინფორმაცია ევროკავშირში/შენგენის სივრცეში უვიზოდ მოგზაურობის წესების შესახებ, განსაკუთრებით კოვიდ-19 პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში. მხარეებმა ასევე ერთმანეთს გაუზიარეს დეზინფორმაციასთან დაკავშირებული გამოცდილება. აღინიშნა ის აქტივობები, რომელსაც საქართველო ახორციელებს სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს იმ მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებისთვის, რომელიც ევროკავშირმა გამოყო კოვიდ-პანდემიასთან გამკლავების პროცესში.
სხდომაში ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურმა, ევროკომისიამ და საქართველოს სამთავრობო უწყებებმა მიიღეს მონაწილეობა. კერძოდ, საქართველოს მხრიდან, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, შინაგან საქმეთა პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და სხვა უწყებების წარმომადგენლები. კომიტეტის შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სახალხო დამცველის მოადგილემ და სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.