რომან გოცირიძე – გრიგოლ ვაშაძეზე: პარტიიდან მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის – არა, მადლობა მას ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის

“გრიგოლ ვაშაძე რთულ პერიოდში მოვიდა “ნაციონალურ მოძრაობაში”. შემოიტანა ის, რის დეფიციტსაც მაშინ პარტია განიცდიდა. მისმა გამოცდილებამ და პირადმა თვისებებმა პარტიას საერთაშორისო იმიჯი შემატა”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლას.

როგორც გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, პარტიიდან ვაშაძის წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო.

“გრიგოლ ვაშაძე რთულ პერიოდში მოვიდა “ნაციონალურ მოძრაობაში”. შემოიტანა ის, რის დეფიციტსაც მაშინ პარტია განიცდიდა. მისმა გამოცდილებამ და პირადმა თვისებებმა პარტიას შემატა საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მიერ ნაჩვენებ ბრწყინვალე შედეგში დიდი იყო გრიგოლ ვაშაძის პირადი წვლილი. ბატონმა გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი. არც ყოფილა ეს მისი მიზანი. კიდევ სამი წელი დადო ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობის საქმეში. პარტიიდან მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის – არა. შეიძლება, ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს – ფორმა. არ არის ადვილი, მიიღო ყველასათვის მოსაწონი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, პოლიტიკაში. მადლობა ბატონ გრიგოლს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის”, – წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

“მე გადავწყვიტე, დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოსდა, ჩავაბარეთ წარსულს და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას. შეუძლებელია, ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია, ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან”, – განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები