თეა წულუკიანი – ISFED-ზე: არ მჯერა, რომ ეს უნებლიედ გაკეთებულია, ლამის გადააყირავა ეს ოკუპირებული ქვეყანა და გაწირა მისი სტაბილურობა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, ISFED-ის მიერ დაშვებულმა შეცდომამ ქვეყანა ლამის გადააყირავა.
წულუკიანის თქმით, თუ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, აუცილებელია, ორგანიზაციის ხელმძღვანელი პარლამენტში მივიდეს და გასცეს პასუხი კითხვაზე, რატომ არ დათვალეს სწორად ხმები.
“ISFED არის ორგანიზაცია, რომელმაც ვითომ, უნებლიედ დაშვებული ხარვეზითა და შეცდომით, არ მჯერა, რომ ეს არის უნებლიედ გაკეთებული, ლამის გადააყირავა ეს ოკუპირებული ქვეყანა და გაწირა მისი სტაბილურობა. თუ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ამას ორი ხელით მივესალმები, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, აქ უნდა მობრძანდეს ქალბატონი ნიჟარაძე, უნდა მობრძანდეს მისი ორგანიზაცია და უნდა ჩატარდეს საპარლამენტო საგამოძიებო პროცესი, პირველ ყოვლისა, სწორედ ამაზე, რატომ არ დათვალეს სწორად, რატომ გამოაცხადეს “ქართული ოცნებისთვის” ნაკლები მაჩვენებელი, ვიდრე ეს რეალობაში იყო და ეს მათივე ორგანიზაციის შიგნით, ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით ჩატარებულმა აიტი აუდიტმა აჩვენა, რომ მათ მოატყუეს საზოგადოება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.