შს მინისტრმა შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოსთან მემორანდუმს ხელი მოაწერა

   ბუნებრივი კატასტროფებისადმი მიდრეკილ ზემო სვანეთის რეგიონში პროექტის „პრევენციისა და მზაობის სისტემის გაძლიერება“ მეორე ეტაპი განხორციელდება. ამის თაობაზე მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს რეგიონალურმა დირექტორმა რუდოლფ შოხმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სვანეთის მოსახლეობის დაცვას სტიქიური მოვლენებისაგან და საქართველოში კატასტროფების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
“პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდება, შვეიცარიის გამოცდილების საფუძველზე, პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად რისკების მართვის მეთოდოლოგიის სისტემური მიდგომის შემუშავება და მისი გამოყენება ეროვნულ დონეზე. პროექტი ასევე ითვალისწინებს სახანძრო-სამაშველო სამსახურების თანამშრომლების პროფესიული მომზადების სისტემის ფუნქციონირების ხელშეწყობას, რათა გაუმჯობესდეს ოპერატიული რეაგირების სპეციალისტების შესაძლებლობები და მოხდეს ოპერატიული და მდგრადი რეაგირების სისტემის უზრუნველყოფა ქვეყნის მასშტაბით. პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს სასწავლო კურსების ჩატარებას მუნიციპალური მეხანძრეებისა და მაშველებისათვის”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი შეესაბამება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის სტრატეგიას (2013-2016) და მთავრობისა და საჯარო სამსახურების მიზნებს. ასევე, ეფუძნება შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტოს, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა დიდი ხნის თანამშრომლობას საქართველოში კატასტროფების რისკის შემცირების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები