შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია შეიძლება არ შემოვიდეს პარლამენტში, არის საკუთარ შეცდომებში გაჯიუტება
“ქართული ოცნების” წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წევრები საკუთარ შეცდომებში გაჯიუტდნენ.
მისივე შეფასებით, ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც გაჯიუტდება და პოზიციას არ შეიცვლის, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დარჩება.
“ჩვენ ოპონენტებს რა თქმა უნდა გაუჭირდებათ, როდესაც არანაირი ფაქტი, არანაირი რიცხვი მათ სასარგებლოდ აღარ მეტყველებს. ამიტომ მიჭირს საერთოდ ვიფიქრო იმაზე, რა არგუმენტი აქვთ, გარდა იმისა, რომ შექმნეს ისტორია, რომელიც თვითონ დაიჯერეს, სხვებს დააჯერეს და ცდილობენ ამ ისტორიაში აცხოვრონ საზოგადოების გარკვეული ნაწილი.
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია შეიძლება არ შემოვიდეს, ეს არის საკუთარ შეცდომებში გაჯიუტება. ის, ვინც გაჯიუტდება საკუთარ შეცდომებში და ეს რომ შეცდომები იყო დადასტურდა, მათ შორის იმით, რომ “სამართლიანმა არჩევნებმა” ჩაასწორა საკუთარი მონაცემები, ის ვინც გაჯიუტდება საკუთარ შეცდომებში, დარჩება გარეთ, ის ვინც თვალს გაუსწორებს სიმართლეს, შემოვა და შეასრულებს იმ ამოცანას და პასუხისმგებლობას, რომელიც მას მიანიჭა მისმა ამომრჩეველმა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.