მეუფე იოანე გამრეკელი: გელათის ტაძრის სახურავზე განხორციელებულ სამუშაოზე სავალდებულოა,  გამოძიება დაიწყოს

გელათის ტაძრის სახურავზე განხორციელებული სამუშაოს ფაქტზე ქუთათელ-გაენათელი მეუფე იოანე გამრეკელი გამოძიების დაწყების მომხრეა.

მისი თქმით, ფრესკების დაზიანების მასშტაბი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

როგორც მეუფემ განაცხადა, ტაძარში წყალი გაზაფხულზე ნამდვილად ჩავიდა, თუმცა ფრესკების დაზიანება კატასტროფული არ არის.

“მთელი ზაფხული დავდიოდი გელათში, რაიმე კლიმატური ცვლილება ტაძარში არ შეიმჩნეოდა, დანადგარით არავის გაუზომავს. ზაფხულის შემდეგ, იქ ჩამოსული წვიმა არავის უნახავს. დროებითი გადახურვა ჩატარდა, სრული პროექტი მზადდება გადახურვის, სპეციალისტები მუშაობენ ამაზე. დღეისათვის დაცულია, თუმცა ეს არის დროებითი გადახურვა. ზამთარში ვერ გადახსნიან სახურავს. დაზიანება არის რასაკვირველია, გაზაფხულზე გაჟონა წვიმამ, ეს დაფიქსირდა სამხრეთ დასავლეთის კუთხეში, მაგრამ ეს არ იყო კატასტროფა და ჩამორეცხვას, რასაც ეძახიან. ადამიანებს ფრესკა ჰგონიათ მარტო კედელზე დახატული, ფრესკა ნედლი კირი როცაა, მაშინ იხატება და საღებავით იჟღინთება კირი და ის ასე ადვილად ვერ წაიშლება, მაგრამ ცხადია, ზიანდება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თავის დროზე, როცა ტარდებოდა გადახურვითი სამუშაოები, აქ მეუფე არ ვიყავი. ვიცი, რომ მეუფე (კალისტრატე) წინააღმდეგი იყო ამგვარი გადახურვის და ითხოვდა ქვით ან სპილენძით გადახურვას, როგორცაა ბაგრატზე. სავალდებულოა, გამოძიება დაიწყოს, რადგან ძეგლი ჩემი კი არა საქართველოსია, ჩვენი წინაპრების და მომავლისაა, ეს ყველას პასუხისმგებლობაა”, – განაცხადა მეუფე იოანემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები