ალეკო ელისაშვილი: მოლაპარაკებების ჩაშლა უნდოდა კონკრეტულ პარტიას, რას ერჩი, რამდენჯერ ახსენებო, ვერჩი, რადგან ჩემი თვალით დავინახე, როგორ უნდოდათ ყველაფრის აყირავება

“მოლაპარაკებების ჩაშლა უნდოდა კონკრეტულ პარტიას, ამიტომ ურევენ ყველაფერს, რას ერჩი, რამდენჯერ ახსენებო, ვერჩი, რადგან ჩემი თვალით დავინახე, როგორ უნდოდათ ყველაფრის აყირავება”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში სამომავლოდ უკეთესი არჩევნები ჩატარდეს.

„დღეს ვინც მანდატებს ხევს და რაღაცას ხელს აწერს, იქეთ კვირას მოლაპარაკების მეექვსე რაუნდზე მოვლენ, დასხდებიან, მერე პარლამენტში შევლენ და მერე როგორ უნდა შემომხედონ თვალებში? ეს არის ამბავი. კი ბატონო, არ აქვთ პრობლემა, შემომხედონ, მაგრამ მერე ხალხს, თქვენ როგორ უნდა აგიხსნან?

საქართველოსთვის, თქვენი შვილებისთვის, ჩემი შვილებისთვის არჩევნები რომ გავდეს არჩევნებს, წესიერად ჩატარდეს, ამაზეა მოლაპარაკებაზე საუბარი და ჩვენ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ და შეთანხმების შემდეგ შევიდეთ პარლამენტში, ახლა კი არ შევსუნსულდეთ, მხედავთ მე, რომ პარლამენტში ვარ? ან ლევან იოსელიანი? არ გვეხარბება ჩვენ ეს მანდატები, უბრალოდ, ჩვენ, განსხვავებით იმათგან, ვისაც თან მოლაპარაკებებზე უნდა წამოსვლა, თან ვითომ მანდატებს ხევს, მერე საერთო ჯამში პარლამენტში შემოვა, იმათგან განსხვავებით, ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების არ გვეშინია და მიგვაჩნია, რომ რაც არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, რაც არის ჩვენი სინდისისთვის მისაღები, უნდა გავაკეთოთ და ამას ვაკეთებთ.

ახალი არჩევნები გვინდა, პატიოსანი არჩევნები, ამ პატიოსან არჩევნებზე ვმუშაობდით მოლაპარაკებებზე და ამის ჩაშლა უნდოდათ, ამის ჩაშლა უნდოდა კონკრეტულ პარტიას, რომლის ლიდერების 2/3, თუ 3/4 ვერ მოხვდა პარლამენტში, ამიტომ არის, რომ ურევენ ყველაფერს. რას ერჩი, რამდენჯერ ახსენებო, ვერჩი, რადგან ჩემი თვალით დავინახე, როგორ უნდოდათ ყველაფრის აყირავება.

გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ირმა ნადირაშვილი, კაკო ბობოხიძე, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან თარხნიშვილი, გიგი წერეთელი ვერ მოხვდნენ პარლამენტში და იმიტომ უნდათ მოლაპარაკებების ჩაშლა, შესაბამისად, იცით, რა უნდათ? პოლიტპატიმრების ციხეში დატოვება, შესაბამისად, არ უნდათ წესიერი საარჩევნო სისტემა, აყირავება უნდოდათ.

ამიტომ დავუპირისპირდი მათ და ამიტომ ავიღეთ ეს დარტყმები ჩვენს თავზე. მართლები ვართ თქვენს წინაშე, საქართველოს წინაშე. ყოველ დღე დარწმუნდებით, რომ ჩვენ სწორი პოზიცია გვქონდა და ჩვენ გავბედეთ, განსხვავებით იმ ხალხისგან, ვინც დღეს იქ არის შეკრებილი, რომლებიც გულის სიღრმეში ოცნებობენ, რომ პარლამენტში მოხვდნენ, ყველას უნდა პარლამენტში შესვლა, ვისაც მანდატი აქვს, თორემ ახლა ბურჯანაძე რომ იძახის, ვიდგებით ბოლომდე ქუჩაშიო, აბა, სად იქნება, მანდატი არ აქვს, არც მაგას, არც ოქრუაშვილს, არც ბესელიას, არც უგულავას, არც ბოკერიას და იქნებიან ქუჩაში, აბა, სად იქნებიან, არ მისცა ხალხმა იმდენი ხმა, რომ პარლამენტში შესულიყვნენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები