პროფესიული განათლების მხარდასაჭერად, აზიის განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებები გაფორმდა

დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა – ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) ადგილობრივი მისიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა – შეინ როზენტალმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომლებიც საქართველოში ხარისხიან პროფესიულ განათლებასა და მომზადებაზე წვდომის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებების ფარგლებში, დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის საქართველო, ჯამურად, მიიღებს 59.4 მილიონი ევროს (70 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი) ოდენობის ფინანსური რესურსს, საიდანაც 42.4 მილიონი ევრო მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 16.9 მილიონი ევრო საინვესტიციო პროექტის განხორციელებას მოხმარდება.

“პროგრამის მიზანია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორის მხარდაჭერა. იგი მოიცავს პროფესიული განათლების პრიორიტეტულ სექტორებში ხარისხის ამაღლებას, პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ინკლუზიურობას, პროფესიული სწავლების პროცესში ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას.

რაც შეეხება საინვესტიციო პროექტს – იგი ითვალისწინებს ქუთაისსა და თელავში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტულ ეკონომიკურ სექტორებში მაღალი ხარისხისა და შესაბამისი მომზადების მისაღებად ორი პროფესიული ჰაბის შექმნას. ასევე, პროფესიული პროგრამების დანერგვას, დაახლოებით, 20 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, კარიერული სახელმძღვანელოსა და საკონსულტაციო სისტემის ჩამოყალიბებას, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კერძო მართვის პილოტირებას, ელექტრონული სწავლების დანერგვას, გარდა ამისა, დისტანციურ და შერეულ სწავლებას, ინფექციის საპრევენციო ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოებას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

აღნიშნული შეთანხმებების გაფორმება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები