“ევროპის უნივერსიტეტი” ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს
“ევროპის უნივერსიტეტი“ ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს”, – ამის შესახებ „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ტალიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მინდა გაგაცნოთ “ევროპის უნივერსიტეტის” მმართველი რგოლის გადაწყვეტილება ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენის შესახებ. ჩვენმა უნივერსიტეტმა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყვიტა, რომ სტატუსი აღუდგინოს ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, ამ გზით ჩვენ გვინდა, რომ განათლება ხელმისაწვდომი გავხადოთ თითოეული სტუდენტისთვის. ამდენად, სტუდენტებს, რომლებიც ვერ ერთვებოდნენ სასწავლო პროცესში ფინანსური დავალიანების გამო, შესაძლებლობა ექნებათ, გაზაფხულის სემესტრში მომართონ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და აღიდგინონ სტუდენტის სტატუსი, მათ არსებული დავალიანება სწავლების მთელს პერიოდზე გადაუნაწილდებათ“, – განაცხადა ნინო ტალიაშვილმა.
სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის სწავლის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება დღეს „ევროპის უნივერსიტეტის“ მმართველმა რგოლმა მიიღო. სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს შეუძლიათ, მიმართონ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და სტუდენტის სტატუსი აღიდგინონ.