არჩილ თალაკვაძე: 11 დეკემბერს შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, ასევე, არის რეალური ალბათობა, რომ შევთანხმდეთ ყველაზე მთავარ საკითხზე და ეს შეიძლება გახდეს შეთანხმების მთავარი  ნაწილი

11 დეკემბერს შედგება პარლამენტის მეათე მოწვევის პირველი სხდომა, ამიტომ დარჩენილი დრო უნდა გამოვიყენოთ, რათა მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულოთ. ამ მიზნით მომდევნო დღეებშიც გვექნება ერთი ან რამდენიმე შეხვედრა, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე დანიშნა პარლამენტის სხდომა. რა თქმა უნდა, 11 დეკემბერს შედგება პარლამენტის მეათე მოწვევის პირველი სხდომა.

„მსურს „ქართული ოცნების“  სახელით მადლობა გადავუხადო ფალისიტატორებს. დღეს ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა შეთანხმებასთან.

არის რეალური ალბათობა, რომ შევთანხმდეთ ყველაზე მთავარ საკითხზე, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობას და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას მოგვცემს – ესაა საარჩევნო რეფორმის გაგრძელება. ამ საკითხზე პოზიციები იმდენად გვაქვს დაახლოებული, რომ ეს შეიძლება გახდეს შეთანხმების მთავარი საკითხი.

საქართველოს პრეზიდენტმა უკვე დანიშნა პარლამენტის სხდომა. რა თქმა უნდა, 11 დეკემბერს შედგება პარლამენტის მეათე მოწვევის პირველი სხდომა, ამიტომ დარჩენილი დრო უნდა გამოვიყენოთ, რათა მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულოთ. ამ მიზნით მომდევნო დღეებშიც გვექნება ერთი ან რამდენიმე შეხვედრა. სხვა საკითხებზე ჩვენი პოზიცია არ შეცვლილია. 2 მილიონამდე ამომრჩეველმა გააკეთა თავისი არჩევანი და ამ არჩევანის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ გვაქვს. ვიმეორებ, რომ ხელახალი არჩევნები ჩვენი მხრიდან არ განიხილება. დიალოგი კი ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები