საქართველოსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეექვსე რაუნდი ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მინისტრის მოადგილეების დონეზე ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეექვსე რაუნდი ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ინდოეთის მხრიდან – საგარეო საქმეთა სამინისტროს დამატებითი მდივანი დამუ რავი (Additional Secretary of the Ministry of External Affairs Mr. Dammu Ravi). კონსულტაციებში ჩართული იყო საქართველოს საელჩო ნიუ-დელიში და ინდოეთის საელჩო ერევანში.

,,განხილულ იქნა საქართველოს და ინდოეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების მნიშნელოვანი საკითხები, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და შემდგომი განვითრების პერსპექტივები, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობები და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონებში არსებული ვითარება და გამოწვევები. ინდურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განხორციელებული უკანონო ქმედებების, ასევე საქართველოს სამშვიდობო ინიციატივების შესახებ. მოხდა აზრთა გაზიარება კავკასიის და სამხრეთ აზიის რეგიონებში მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით. დამმუ რავიმ თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ინდოეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე, მათ შორის სავაჭრო–ეკონომიკური, ინვესტიციების, სამართლებრივი ბაზის განვითარების, კულტურის და განათლების მიმართულებით. ხაზი გაესვა აღნიშნულ სფეროებში ურთიერთობების განვითარების პოტენციალის ამოქმედების აუცილებლობას და გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობისათვის პოსტ კოვიდ პერიოდში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს ეკონომიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, კულტურისა და განათლები,მიმართულებით. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორმხრივი სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობას ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (Free Trade Agreement – FTA). ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა, რომ გააგრძელებენ მუშაობას ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაფორმების მიმართულებით.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინდური ინვესტიციების მონაწილეობის მნიშვნელობას და მომავალშიც ყოველნაირად შეუწყობს ხელს ამ ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ინდოეთის მხრიდან დაფიქსირდა მზადყოფნა, კვლავ გააგრძელოს თავის ქვეყანაში საქართველოს მიმზიდველი ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაცია, მოახდინოს საინტერესო მიმართულებების იდენტიფიცირება ერთობლივი პროექტების შემუშავების მიზნით,”- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ორივე მხარემ კმაყოფილება გამოხატა, რომ საქართველო და ინდოეთი წარმატებით თანამშრომლობენ მრავალმხრივ ფორმატშიც, განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის ინიციატივების და კანდიდატურების მხარდაჭერის თვალსაზრისით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები