დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, ვხედავთ მართულ ოპოზიციას, რომელმაც თავისუფლებას მონობა არჩია
„რამდენიმე დღე დარჩა პარლამენტის პირველ სხდომამდე, ოპოზიცია კვლავ ჯიუტად განაგრძობს ბოიკოტს, აქვთ ჭიქაში ქარიშხლის შექმნის მცდელობა, რაც ცალსახად არ გამოუვათ, რადგან როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი სუბიექტების შეფასებით არჩევნები ჩატარდა კანონმდებლობის სრული დაცვით, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუფერხებლად შეეძლო საკუთარი პოზიციის დაფიქსირება”, – ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე აცხადებს.
ჩიხელიძე მოუწოდებს ოპოზიციას, პატივი სცენ როგორც საკუთარ, ისე – სხვა პოლიტიკური სუბიექტების ამომრჩევლებს და შევიდნენ პარლამენტში.
„მესმის, ოპოზიციისთვის სიმართლე მიუღებელია, მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით, ფაქტი კი შემდეგია – საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს და თანხვედრაში მოდიოდა მსოფლიოში არსებულ არჩევნებთან დაკავშირებულ საუკეთესო პრაქტიკასთან. მოვუწოდებ ოპოზიციას, პატივი სცეს როგორც საკუთარ, ასევე, სხვა პოლიტიკური სუბიექტების ამომრჩევლებს, არ გაექცეთ პასუხიმგებლობას და შედით საქართველოს პარლამენტში, რადგან ამომრჩევლებმა ხმა სწორედ იმისთვის მოგცათ, რომ პარლამენტში შესულიყავით და არა იმისთვის, რომ ქუჩაში ყოფილიყვნენ.
ნებისმიერი დამსაქმებელი დასაქმებულს თანხას უხდის, რადგან ის გარკვეულ, მასზე დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს, აღნიშნულ შემთხვევაში დამსაქმებელი არის ამომრჩეველი, ხოლო დასაქმებული ის ადამიანები, რომლებმაც არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტარის მანდატი მოიპოვეს, ისინი კი საკუთარ სამსახურში გამოცხადებაზე უარს აცხადებენ. ალბათ, ლოგიკურია თუ ასეთ ადამიანებს დამსაქმებელი ხელფასს არ გადაუხდის, რადგან ისინი საკუთარი უფლება მოვალეობის შესრულებას თავს არიდებენ.
სამწუხაროდ, ვხედავთ მართულ ოპოზიციას, რომელმაც თავისუფლებას, მონობა არჩია, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, კვლავ მთავარი რეჟისორის (მიხეილ სააკაშვილის) დადგმულ სპექტაკლს თამაშობენ. მაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია მოიპოვებს თავისუფლებას, ეყოფა გონიერება, პატივს სცემს საქართველოს მოსახლეობის პოზიციას, ასევე, გაითვალისწინებს საქართველოს მეგობარი ქვეყნების პოზიციას, მიიღებს რაციონალურ, სწორ გადაწყვეტილებას და ახალი პარლამენტის მუშაობაში საკუთარ წვლილს შეიტანს!”, – აღნიშნა ჩიხელიძემ.