თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოს COVID-19 პანდემიაზე რეაგირების ონლაინფორუმზე პრეზენტაციით წარდგა

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცეპრეზიდენტმა, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ონლაინ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც მსოფლიო პანდემიის პერიოდში ტრანსნაციონალური თანამშრომლობისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ძალისხმევის როლზე იმსჯელეს.

როგორც ,,კვირას” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წევრები, ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი და სხვა მოწვეული პირები თამარ ტალიაშვილმა საერთაშორისო მექანიზმებსა და ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ანტიკრიზისულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

თამარ ტალიაშვილის თქმით, პანდემიის შემდგომ, მსოფლიოს უფრო ძლიერი ადგილობრივი ინსტიტუტები და გაძლიერებული ადგილობრივი დემოკრატია ესაჭიროება. ევროპული მუნიციპალიტეტებისა და რეგიონთა საბჭო, რომელიც განვითარებისათვის თანამშრომლობის პან-ევროპული კოალიციაა, მიიჩნევს, რომ დეცენტრალიზებულმა თანამშრომლობამ კოვიდ 19-ის დასაწყისიდანვე ითამაშა ეფექტური როლი.

,,აპრილში შეიქმნა „კოვიდ-ის საკოორდინაციო ჯგუფი“, რომელსაც დაახლოებით 30 ქვეყნიდან შეუერთდა წევრები: ეს განსაკუთრებული ბაზისი (პლატფორმა) ხაზს უსვამს უდიდეს ინტერესს, რაც კორონა კრიზისის ერთობლივად დაძლევას უკავშირდება. კერძოდ, ადგილობრივმა და რეგიონულმა თანამშრომლობამ ხელი შეუწყო ცოდნისა და გამოცდილების, ისევე როგორც, შესაბამისი ზომების, საშუალებებისა და რესურსების გაზიარებას. ეს კი – ადგილობრივ ხელისუფლებათა საერთაშორისო საქმიანობის ხანგრძლივმა ტრადიციამ განაპირობა”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

თამარ ტალიაშვილმა ფორუმის მონაწილეებს გააცნო საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ნაბიჯები. თბილისის მერიის მიერ ინიცირებული საჯარო-კერძო პარტნიორმა და მოხალისეთა ფართომასშტაბიან ჩართულობაზე საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად. მან ასევე მონაწილეებს გააცნო შიდა ქართლში დევნილთა დასახმარებლად და მოსახლეობის სამედიცო დახმარების შეუფერხებელი მიწოდებისათვის გადადგმული ნაბიჯები.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი – მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი გამოეხმაურა გამომსვლელთა პრეზენტაციებს და განაცხადა, რომ სწორედ მყისიერი, ინდივიდური მიდგომით არის შესაძლებელი ურთულესი პანდემიის დაძლევა, სიცოცხლის გადარჩენა. მან ასევე ევროსაბჭოს ხელთ არსებული გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მექანიზმების გაძლიერებაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები