ეკატერინე ტიკარაძე: ვგმობთ „ფეიკნიუსებს“, რადგან ოპონენტების მიმართ მსგავს ხერხს არ ვიყენებთ
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე „ფეიკნიუსს“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს რუსული პასპორტები აქვთ.
როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მსგავსი „ფეიკნიუსების“ გავრცელება მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე დამატებითი ნეგატივის წარმოქმნას.
„ბოლო დღეების განმავლობაში იმდენი ფეიკნიუსი გავიდა ეთერში ჩვენი ტელეკომპანიების მეშვეობით, რომ ჩემთვის ესეც არის შექმნილი სიუჟეტი, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე დამატებით ნეგატივის შექმნას იმისთვის, რომ გამოიწვიოს მოსახლეობას მისდამი ნდობა, გამოიწვიოს მოსახლეობის აგრესია, რაც, შესაბამისად, პირდაპირპროპორციულად მიმართულია ჩვენი ქვეყნის რეგრესსა და უკანსვლაზე. იცით, ჩვენ ვართ მომხრე საქართველოს ევროპული და დემოკრატიული განვითარების. ვგმობთ მსგავს „ფეიკნიუსებს“, რადგან ჩვენ ჩვენი ოპონენტების მიმართ მსგავს ხერხს არ ვიყენებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.