დავით ზალკალიანი კორონავირუსის პანდემიის საკითხზე გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე სიტყვით გამოვიდა
„კოვიდ-19“-ის პანდემიის საკითხზე, გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სესიის გენერალურ დებატებში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა, საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრებმა.
უწყების ცნობით, მინისტრმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა COVID-19 პანდემიის პირობებში მსოფლიოს მასშტაბით შექმნილ გამოწვევებს და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გაერთიანებული ძალებით შეძლებს პანდემიით გამოწვეული უპრეცედენტო სირთულეების დაძლევას. იგი მიესალმა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის მიმართულებით მიმდინარე უპრეცედენტო გლობალურ თანამშრომლობას.
დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა ექიმებისა და ყველა იმ მუშაკის ღვაწლზე, რომლებიც არსებულ არაორდინალურ ვითარებაში ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან და მადლიერება გამოხატა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისისადმი, რომელმაც საქართველოს COVID-19-თან ბრძოლაში დახმარება აღმოუჩინა. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ COVID-19-თან ბრძოლის ამ ურთულეს პერიოდშიც კი, რუსეთი აგრძელებს დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებების განხორციელებას.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებსა და მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. მინისტრმა დაგმო საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიული ქმედებები, მათ შორის, საუბარი შეეხო, რუსეთის მიერ წარმოებული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ფართომასშტაბიან კამპანიას და გახშირებულ კიბერთავდასხმებს. ხაზი გაესვა, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის – რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის დისკრედიტირების მიზნით, რუსეთის მიერ მიმდინარე მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობის, ასევე სამართლიანი გადანაწილების მნიშვნელობას. გამოსვლის დასასრულს, მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მიერ პოსტ-პანდემიის პერიოდზე გათვლილი, ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით სტრატეგიის შემუშავების თაობაზე და ამ პროცესში, საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
„მაშინ, როცა ჩვენ საქართველოში ვებრძვით ვირუსის გავრცელებას, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას გამუდმებით ხელყოფს გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრი სახელმწიფო. რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ჩვენი სუვერენული რეგიონების: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, ხოლო კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა დღესაც იმყოფება სავალალო მდგომარეობაში ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. რუსეთი გამუდმებით არღვევს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის აგვისტოში მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთის ფედერაცია, უგულებელყოფს რა მთელ მსოფლიოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას, აგრძელებს პროვოკაციებს საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს ეფექტიანი რეაგირების უმნიშვნელოვანესი რგოლის – რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ მედია პროპაგანდას.
ამასთან, საოკუპაციო რეჟიმები კიდევ უფრო ზღუდავენ სამედიცინო დახმარებას ადგილზე ეთნიკური ნიშნით, რის გამოც იღუპებიან ადამიანები, უბრალოდ იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ საოკუპაციო ხაზის გადმოლახვა და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღება. ამჟამად საქართველო უკვე მუშაობს კორონავირუსის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის სტრატეგიაზე, რაშიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერისა და რესურსების მობილიზების იმედი. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საერთაშორისო დახმარებით ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის მტკიცე, გრძელვადიან აღდგენას და საქართველოს ახალი პოზიციის უზრუნველყოფას ახალ გლობალურ წესრიგში“,- განაცხადა ზალკალიანმა.