ზურაბ ბატიაშვილი: ვფიქრობ, 2030 წლისათვის საქართველოს ნატო-ს წევრობის საკითხი გადაწყვეტილი იქნება

როდის გახდება ან გახდება თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი? ეს თემა უკვე ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის, თუმცა, ბოლო დროს თავად ნატო-სა და დასავლეთშიც სულ უფრო ხშირად ისმის, რომ საქართველო და უკრაინა რაც შეიძლება სწარაფად უნდა გახდნენ ალიანსის წევრები. ამ საკითხზე „კვირა“ აღმოსავლეთმცოდნესა და პოლიტოლოგს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

-ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების აუცილებლობაზე საუბრობს.  შესაბამისი კვლევაც ჩაატარეს და დოკუმენტიც დადეს, რომ ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს, რათა რუსეთის ქმედებებს პოსტსაბჭოთა სივრცეში ადეკვატური პასუხი გაეცეს. რა პერსპექტივას იძლევა ეს ყველაფერი საქართველოსთვის?

საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, უბრალოდ, დროის ამბავია. ნატო-ში კარგად ესმით, რა ხდება უსაფრთხოების მიმართულებით და ეს დოკუმენტიც ამის მანიშნებელია. ამ დოკუმენტში საქართველო ექვსჯერ არის ნახსენები და ხასგასმულია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ოთხმოცდათექვსმეტჯერ არის ნახსენები რუსეთი და გასაგებია, რატომაც. დოკუმენტში ცალსახადაა აღნიშნული, რომ აუცილებელია შავ ზღვაზე ნატო-ს ყოფნის გაძლიერება. მოკლედ, პერსპექტივა კარგი გვაქვს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ნატო-ს გააქტიურებას ბაიდენის გაპრეზიდენტების შემფეგ უფრო უნდა ველოდოთ. წამყვანი ძალა ამ გაერთიანებაში სწორედ შეერთებული შტატებია და მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ბაიდენი აპირებს კიდეც, რომ ნატო-ს დაუბრუნოს ის ერთიანობა, რომელსაც ტრამპის პრეზიდენტობისას ბზარი გაუჩნდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ახლა მთავარია, რომ ჩვენ მზად ვიყოთ  იმ დროისათვის, როცა ახალი შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება. დროის განსაზღვრა, თუ როდის ვიქნებით ალიანსის წევრი, ძნელია, მაგრამ 2030 წლისთვის ვფიქრობ, ეს საკითხი გადაწყვეტილი იქნება.

-საფრანგეთისა და გერმანიის პოზიცია შეიძლება, შეიცვალოს. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ისინი ცოტა სკეპტიკურად უყურებენ. თან, საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვთ რუსეთთან?

დაახლოებით, ანალოგიურ სიტუაციაში საფრანფეთმაც და გერმანიამაც თანხმობა განაცხადეს ბალტიის ქვეყნების ალიანსში მიღებაზე. რუსეთი მაშინაც ომით იმუქრებოდა, თუმცა, არაფერი. მთავარი პოლიტიკური ნებაა. ეს ნება საფრანგეთსა და გერმანიას როდის ექნება, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობა. მნიშვნელოვანია, ასევე, როგორი იქნება საქართველოსა და ევროპის და, რაღა თქმა უნდა, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები.

-რუსეთისგან მუქარას, ალბათ, ხშირად მოვისმენთ?

არა მხოლოდ მუქარებს. ვფიქრობ, ბევრ პროვოკაციას უნდა ველოდოთ.

-ღია სამხედრო აგრესიას ხომ არ უნდა ველოდოთ?

არ მგონია, თუმცა, ამის სურვილი რუსეთს, რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ არის გარკვეული გარემოებები, რასაც
ის ანგარიშს უწევს. რუსეთი ყველგან ერთი სცენარით მოქმედებს და გამონაკლისი, ალბათ, არც საქართველო იქნება.

-უკრაინა თუ საქართველო, რომელი შევასწრებთ ნატო-ში?

არის რაღაცები, რაშიც ჩვენ უკრაინაზე წინ ვართ, თუმცა, უკრაინასაც აქვს გარკვეული უპირატესობები. ავიღოთ, მაგალითად, ვიზალიბერალიზაცია. თავდაპირველად ჩვენ, უკრაინა და თურქეთი, ასევე, კოსოვო ერთ კალათაში განვიხილებოდით. მაგრამ, სხვადასხვა მიზეზის გამო, მოხდა ისე, რომ ეს კალათა დაიშალა და ჩვენ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია ევროპასთან. მერე მოგვყვა უკრაინა და თურქეთს დღესაც არ აქვს ვიზალიბერალიზაცია. დაახლოებით, ასე შეიძლება, მოხდეს ნატო-ს შემთხვევაშიც. ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, სამხედრო თავსებადობის თვალსაზრისით უკრაინაზე წინ ვართ. მაგრამ არის სხვა გარემოებებიც. მაგალითად, უკრაინას მეტი ადამიანური რესურსი აქვს. უფრო დიდი და, შესაბამისად, ფართო შესაძლებლობების ქვეყანაა. თუნდაც, შავ ზღვაზე მისი როლი უფრო დიდია. ლოჯისტიკური თვალსაზრისითაც უკრაინას უფრო ხელსაყრელი მდებარეობა აქვს ნატო-სთვის.

-ნატო თუ ამერიკული სამხედრო ბაზა, რომელს უფრო ადრე ვიხილავთ საქართველოში?

ესეც იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ევროპის წამყვანი ქვეყნების პოზიციები. თუ ვერ მოხერხდა გერმანია-საფრანგეთის დაყოლიება, მაშინ, ალბათ, უფრო ამერიკულ სამხედრო ბაზას უნდა ველოდოთ. ჩვენთვის უკეთესი, ვფიქრობ, ნატო-ა. ეს სხვა არქიტექტურაა და, ფაქტობრივად, დასავლეთისა და ევროპის განუყოფელი ნაწილი ვხდებით, აქედან გამომდინარე, ყველა დივიდენდით. ვგულისხმობ როგორც ეკონომიკურს, ასევე, პოლიტიკურ დივიდენდებს.

-რა პირობებით შეიძლება, გავხდეთ ნატო-ს წევრი. ნატო-ს მე-5 პუნქტი, რომელიც აგრესიის შემთხვევაში სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე გავრცელდება?

ვფიქრობ, რომ ასე იქნება. მაგალითად შეიძლება, განვიხითოთ გერმანია, რომლიც ორ ნაწილად იყო გახლეჩილი. ასევე, კვიპროსი, რომელიც ზუსტ ანალოგად არ გამოდგება, მაგრამ მაინც. როგორც ვიცით, კვიპროსის ნაწილი გახდა ევროკავშირის წევრი. თუ ჩვენ ნატო-ს წევრები გავხდებით იმ დათქმით, რომ მე-5 პუნქტი ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებზე გავრცელდება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათზე უარს ვამბობთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები