„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ციფრულ სწავლებას რეალობად აქცევს“ – Microsoft-მა საქართველოს განათლების სისტემის შესახებ სტატია გამოაქვეყნა
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ციფრულ სწავლებას რეალობად აქცევს“, – Microsoft-მა საქართველოს განათლების სისტემის შესახებ სტატია გამოაქვეყნა
Microsoft-მა თავის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს განათლების სისტემის ტრანსფორმაციის თემაზე სტატია და ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სახელწოდებით: „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ციფრულ სწავლებას რეალობად აქცევს“.
სტატიაში აღნიშნულია, თუ როგორი წარმატებით იყენებს სამინისტრო Microsoft 365-ის საგანმანათლებლო პროდუქტებს სასწავლო პროცესში. Microsoft Teams-ის ინტერფეისისა და ყველა ონლაინ გაკვეთილის გაქართულებამ პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა და სამ თვეში ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 750-დან დაახლოებით 300,000-მდე გაზარდა.
თანამედროვე ეპოქაში განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე სტატიაში საუბრობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი:
„21-ე საუკუნეში ადამიანის საქმიანობაში ციფრულ ტექნოლოგიებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა მიიღონ ყოვლისმომცველი განათლება და, ამავდროულად, იყვნენ კონკურენტუნარიანები სწავლის დამთავრებისთანავე, მათ სჭირდებათ ელექტრონულ რესურსებთან წვდომა. ინტერაქტიული ონლაინ მასალები, ონლაინ კურსები, ერთობლივი სასწავლო ჯგუფები, ციფრული ბიბლიოთეკა, თამაშებზე დაფუძნებული გაკვეთილები – ეს ყველაფერი თანამედროვე სასწავლო გამოცდილების უმთავრესი კომპონენტებია,“ – ამბობს მიხეილ ჩხენკელი.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში Microsoft 365-ის აპლიკაციებს არაერთი ფუნქცია დაემატა, მათ შორის, ციფრული საგანმანათლებლო მასალის ბიბლიოთეკა და ჩატბოტი, რომელიც Teams-ის მომხმარებლებს პასუხს სცემს თემატურ შეკითხვებზე. გარდა ამისა, Minecraft Education Edition-ის საპილოტე პროგრამა 150-ზე მეტ სკოლაში დაინერგა თამაშზე დაფუძნებული გაკვეთილების გასავითარებლად და მოსწავლეებში შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების წასახალისებლად.
სტატია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3qmzFh6