„ნატო 2030“-ის სტრატეგიის დოკუმენტის სარეკომენდაციო ნაწილში კიდევ ერთხელ დადასტურებულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი”, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ამ დოკუმენტშია აღნიშნული, არის მოწოდება ნატო-ს წევრი ქვეყნების მიმართ, რომ გააფართოვონ ასპირანტებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობა, კერძოდ, საუბარია საქართველოზე, უკრაინასა და ბოსნია ჰერცეგოვინაზე.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ნატო-ს გუშინდელ მინისტერიალზე მივიღეთ, გახლავთ ის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც შემუშავებული და მიღებულია ნატოს ექსპერტების მიერ. ეს არის „ნატო 2030“-ის სტრატეგია – ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ნატო-ს სამომავლო პერსპექტივებს, თუ რა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს ორგანიზაცია და რა მნიშვნელოვან მიმართულებებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ დოკუმენტში რამდენჯერმე არის ნახსენები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხსენიებული ვართ ღია კარის პოლიტიკის მიმართულებით. ამ დოკუმენტის სარეკომენდაციო ნაწილში კიდევ ერთხელ დადასტურებულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, და გაკეთებულია მინიშნება, რომ ასპირანტ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან უფრო მაღალ დონეზე უნდა გადავიდეს მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
აქაც საუბარია შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტსა და რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქმედებებზე, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო მუდმივად არის ჩვენი ნატოელი პარტნიორების დღის წესრიგში. გუშინდელი შეხვედრა მაქსიმალურად გამოვიყენე იმისთვის, რომ დეტალურად მიმეწოდებინა პარტნიორებისთვის ინფორმაცია რეგიონში შექმნილ ვითარებასთან და უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო კიდევ ერთი წარმატებული მინისტერიალი საქართველოსთვის“, – განაცხადა ზალკალიანმა.