“დაავადება ჩვენ აღმოვაჩინეთ, ოჯახმა არ იცოდა, რომ შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა” – მცხეთის საავადმყოფოს დირექტორი 24 წლის გოგონას გარდაცვალებაზე
მცხეთის საავადმყოფოში გარდაცვლილ 24 წლის ნინო გულიკაშვილთან დაკავშირებით სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი დღეს პრესკონფერენციას გეგმავს და თემაზე ვრცლად ისაუბრებს. ამის შესახებ ინფორმაცია ლიკა მუმლაძემ ,,კვირას” დაუდასტურა.
როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი აცხადებს, ნინო გულიკაშვილს თანმხლები დაავადება, შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.
“მას არ ჰქონდა დადასტურებული შაქრიანი დაიბეტი, მათ არ იცოდნენ, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ გოგონას ჰქონდა შაქრის ციფრები მაღალი. მე არ მსურს, მისი ახლობლების არაკომპეტენტურ კომენტარებზე გავაკეთო შესაბამისი კომენტარი. ამ დაავადებას ახასიათებს მძიმე გართულებები. მე არ შემიძლია, ვილაპარაკო ჩემი კლინიკის ბრალეულობაზე. ოჯახის წევრებს შეუძლიათ, მოვიდნენ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავესაუბრებით, ავუხსნით. მას ერთხელ აქვს PCR ტესტირება ჩატარებული და დადგინდა კორონავირუსის ინფექცია,” – აცხადებს ლიკა მუმლაძე.
24 წლის ნინო გულიკაშვილი მცხეთის საავადმყოფოში დაბალი სიცხით შეიყვანეს, თუმცა, ოჯახი ვარაუდობს, რომ გოგონა COVID19-ით მცხეთის საავადმყოფოში დაინფიცირდა, რადგან კორონავირუსზე დადებითი პასუხი მხოლოდ მესამე ტესტის ჩატარების შემდეგ დადგინდა. თუმცა, ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ფილტვები გაეთიშა.