თენგიზ ცერცვაძე: ადამიანები ვართ და საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც მთლიანად ვერ გამორიცხავთ ნაცნობობის ფენომენს

“საქართველოს მოსახლეობამ და ჩემმა პაციენტებმა იციან, რომ მათ ვუთმობ მომეტებულ ყურადღებას”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძემ უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, პაციენტები მათთან ობიექტური კრიტერიუმებითა და რიგითობით მოხვდნენ და არა – ნაცნობობით.

„ვცდილობთ, მაგრამ ადამიანები ვართ და საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც ვერ გამორიცხავთ ამ ფენომენს მთლიანად, რომ ვიღაც ვიღაცას იცნობს და ვიღაც ვიღაცას მეტ ანგარიშს უწევს ან ახლობლობით ან იმიტომ, რომ ის დამსახურებული, ცნობადი პიროვნებაა.

მასობრივი ხასიათი ამას არ აქვს, განსაკუთრებით – ჩვენთან. მე პირადად გამოვირჩევი იმით, რომ ჩემთვის არ არსებობს პრივილეგირებული და არაპრივილეგირებული პიროვნება, რომელიც ვთვლი, რომ იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას.

საქართველოს მოსახლეობამ და ჩემმა პაციენტებმა იციან, რომ მათ ვუთმობ მომეტებულ ყურადღებას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – რიგითი და არაპრივილეგირებული პაციენტების ხარჯზე. ამით ჩვენი კლინიკა ცნობილია და პირადად მეც ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ყველანაირ პაციენტს, უპატრონოს, ასე ვთქვათ, თუ ხელმოკლეს, თუ მას კლინიკური ჩვენებები აქვს, ჩვენ მას თავზე ვევლებით. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ქვეყანაზე და არა – კლინიკაზე, მაგრამ ჩვენს კლინიკაში სულ 5 გარდაცვალებული გვყავს, რადგან ექიმები 24-საათიან რეჟიმში თავს ევლებიან პაციენტებს”, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები