ირაკლი სესიაშვილი: საქართველომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ძალიან ბევრ ხელშესახებ წარმატებას მიაღწია
“მე, როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ნატო-ში არაერთხელ უსვამენ ხაზს, რომ რიგ რეფორმებში საქართველო გაცილებით წარმატებულია, ვიდრე ნატო-ს წევრი ქვეყანა”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი სესიაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას.
მისივე თქმით, საქართველომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ძალიან ბევრ ხელშესახებ წარმატებას მიაღწია.
„საქართველომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ძალიან ბევრ ხელშესახებ წარმატებას მიაღწია. მათ შორის რეფორმების გზით. მე, როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ნატო-ში არაერთხელ უსვამენ ხაზს, რომ რიგ რეფორმებში საქართველო გაცილებით წარმატებულია, ვიდრე ნატო-ს წევრი ქვეყანა. ჩვენს სახელმწიფოს სურვილი აქვს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. ბოლო პერიოდის პოლიტიკური შეფასებები, განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირების, ლიდერების და ნატო-ს ხელმძღვანელობის, იმის იმედს და თითქმის საფუძველს გვაძლევს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური დრო რაც შეიძლება მალე დადგეს და ჩვენ კონკრეტულად ვიმუშაოთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე. ეს ერთობლიობაში ძალიან კარგი გზავნილებია, რომ ჩვენი სახელმწიფო ინტერესები გავაძლიეროთ და ამ მიმართულებით ორიენტირებული კონკრეტულ შედეგებზე ვიყოთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია და მოკავშირეები საქართველოს მხარდაჭერას აგრძელებენ.