ტიტე აროშიძე: აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს აქცია, ე.წ. ოპოზიცია დესტრუქციას ახორციელებს, ცდილობენ, მოსახლეობის ყურადღება მიიქციონ
“ქართული ოცნების” წევრი, ტიტე აროშიძე აჭარის მთავრობის სახლთან დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიცია დესტრუქციას ცდილობს.
„ქართული ოცნების“ წევრის თქმით, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება მოხდება.
„აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე კვირაა უკვე მიმდინარეობს ე.წ. ოპოზიციის მცირერიცხოვანი აქცია, სადაც არის განთავსებული კარვები, ანთია კოცონი, არის ანტისანიტარია, ჩახერგილია გზები და რაც ყველაზე მთავარია, არ არის დაცული არანაირი რეკომენდაცია, რაც ვირუსის გავრცელების რისკს კიდევ უფრო ზრდის. ამასთან, ყოველდღიურად არის მცდელობა ისევ ე.წ. ოპოზიციის მხრიდან მოახდინონ დესტრუქცია, შევიდნენ კონფლიქტში, როგორც მთავრობის დაცვის წევრებთან, ასევე პოლიციასთან და ამით მოახდინონ ტემპერატურის აწევა, რაც მათი ბოლო მცდელობაა, გამომდინარე იქედან, რომ ვერ ახერხებენ ამ ხნის განმავლობაში ვერანაირი აქციებით ვერც ხალხის მობილიზებას და ვერც ტემპერატურის აწევას. დღეიდან ისინი გადავიდნენ ახალ სცენარზე, რომელიც არის გასტროლიორის სცენარისტის მოფიქრებული და ყველანაირ დესტრუქციას ახორციელებენ, რითაც ცდილობენ, რომ მიიქციონ მოსახლეობის ყურადღება.
მთავრობის თავმჯდომარე ყოველდღიურ რეჯიმში ისევე, როგორც მთავრობის წევრები, ხვდება ყოველდღიურად მოსახლეობას და შესაბამისად, პრობლემა არ აქვს მოსახლეობასთან შეხვედრის. მოსახლეობის პრობლემას მიხედავს აჭარის მთავრობა. ამასთან, ჩვენ ვიცით, რომ ის სცენარისტები, რომლებიც უწერენ სცენარს და მთავარი გასტროლიორი სცენარისტი უკრაინიდან კარნახობს ბოლო სტრიქონებს, რაც უნდა განახორციელონ. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, ასევე აქციის მონაწილეებს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე. კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას ექნება შესაბამისი რეაგირება. შსს-ს თითოეული თანამშრომელი იცავს უსაფრთხოებას. აგრძელებენ მუშაობას და აარიდებენ ქალაქს იმ უსიამოვნებას და დესტრუქციას რის განხორციელებასაც აპირებს დღეს არსებული ოპოზიცია“, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.