„პუტინისა და ბჟანიას შეხვედრაზე ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის გახსნის პერსპექტივა აქტიურად განიხილებოდა“ – ვახტანგ მაისაია

“რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას შეხვედრაზე აქტიურად განიხილებოდა ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის გახსნის პერსპექტივა. ეს საკითხი ბჟანიამ წამოსწია”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია აცხადებს.
მისი თქმით, აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის პოლიტოლოგთა საზოგადოების წარმომადგენლებიც ადასტურებენ.
„როცა მთიან ყარაბაღში განხორციელდა იძულებითი მშვიდობის ოპერაცია, ვლადიმერ პუტინი დემონსტრაციულად, პირადად შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას. ეს მაშინ, როცა პუტინი საკუთარ სამხედროებსაც კი დისტანციურად ესაუბრებოდა. როგორც ჩანს, კრემლმა საქართველოს მესიჯი გამოუგზავნა, რომ კრემლი არ მიიღებს აზერბაიჯანულ ვარიანტს, ანუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით კრემლს გასაკუთრებული ინტერესი აქვს. ამას ნიშნავდა ბჟანიას შეხვედრა პუტინთან.
მე ექსკლუზიურად შემიძლია, თქვენს სააგენტოს გავუზიარო ის გარემოება, რომ, როგორც სანდო წყაროებიდან გახდა ცნობილი და ეს რუსეთის პოლიტოლოგთა საზოგადოების წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, ამ შეხვედრაზე აქტიურად განიხილებოდა ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის გახსნის პერსპექტივა. ეს საკითხი ბჟანიამ წამოსწია. როგორც ჩანს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კარასინი ამზადებენ საფუძველს იმისათვის, რომ ეს იდეა ჩვენთან დიალოგის ფორმატში შემოაგდონ. რუსეთის ფედერაციისა და კრემლის ინტერესები გასაგებია, მათ, როგორც ჩანს, სასიცოცხლოდ სჭრიდებათ ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო კორიდორის გახსნა. საუბარია რუსეთის დაკავშირებაზე ირანთან, შემდგომში კი სპარსეთის ყურის საპორტო ინფრასტრუქტურასთან გასვლა, რათა რუსეთმა შეძლოს ჩინეთის საზღვაო დერეფანში აქტიური მონაწილეობის მიღება. ეს საკითხი რუსეთის პოლიტიურ „ისტებლიშმენტში“ სერიოზულად განიხილება – როგორ უნდა ჩაერთონ იმ მეგაპროექტში , რომელსაც ჩინეთი ახორციელებს. ამ გზის ორი პროექტი არსებობს: სახმელეთო და საზღვაო. რუსეთი, როგორც ჩანს, ცდილობს, ორივე გზის მარშრუტის მონოპოლიზაცია განახორციელოს. სავარაუდოდ, ეს უკავშირდება ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის იდეის შემოგდებას. რუსეთი არაერთხელ გამოთქვამდა ამაზე მზაობასა და სურვილს. როგორც ჩანს, რუსეთი უკვე ცდილობს თავისი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესების ზონა გაზარდოს“ – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას შეხვედრა სოჭში 12 ნოემბერს გაიმართა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები