ზვიად შალამბერიძემ კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანლებთან მორიგი შეხვედრა გამართა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან მორიგი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს, ასევე, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეაფასეს.

კოვიდკლინიკების ხელმძღვანელების ინფორმაციით, ხორციელდება მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ასევე სტაციონარებში საწოლფონდის შესაძლო დეფიციტის პრევენციის მიზნით, მუდმივად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

სახელმწიფო რწმუნებულმა დღევანდელ შეხვედრაზე ასევე, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი განიხილა.

შეხვედრაზე იმ მედპერსონალის ტრანსპორტირების საკითხზე იმსჯელეს, რომლებიც ქუთაისში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობენ და იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ. გადაწყდა, რომ სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით მოხდება მათი გადაადგილება, კლინიკებს არ ექნებათ თანამშრომელთა რესურსის ნაკლებობა და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების 2-თვიანი გეგმა 2 დღის წინ წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები