მაია ცქიტიშვილი: საქართველოში სისტემური „ლოქდაუნი” არ მოქმედებს
„როდესაც კომუნიკაციაზე და პანდემიის მართვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი არის სიმართლის თქმა. სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვერ მივიღებდით ვერანაირ შეზღუდვას სექტემბერსა და ოქტომბერში, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ამ დროს იმყოფებოდა აქტიურ პოლიტიკურ პროცესში. ასევე, სიმართლე არის ის, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იყო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას,” – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში არ მოქმედებს სისტემური „ლოქდაუნი”, რადგან საქართველოში შეზღუდვები დაწესებულია 8 ქალაქში, არ გულისხმობს ადამიანებისთვის სახლიდან გამოსვლის აკრძალვას და დღეში მხოლოდ ერთხელ გადაადგილებას აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში.
„მნიშვნელოვანია, შევთანხმდეთ შინაარსზე და ვნახოთ მათ შორის ევროპული ქვეყნების „ლოქდაუნი”, სადაც ადამიანებისთვის სახლიდან გამოსვლა დაშვებულია მხოლოდ დღეში ერთხელ გარკვეული პერიოდით იმისთვის, რომ მივიდნენ სურსათის მაღაზიაში, აფთიაქში, გაასეირნონ ცხოველი, ან ივარჯიშონ. ეს არის „ლოქდაუნი”, როდესაც აკრძალვა მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, დახურულია ყველა ბიზნესი, გაჩერებულია ყველა აქტივობა.
რა მოქმედებს დღეს საქართველოში?- ეს არის გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათის შემდეგ, მართალია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ეს არ არის სისტემური „ლოქდაუნი”, ვინაიდან დილის 05:00-დან 21:00 საათამდე ჩვენი გადაადგილება არ არის შეზღუდული არც ქვეითად, არც ტრანსპორტით. ასევე, შეზღუდვები მოქმედებს 8 ქალაქში და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი”,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ეხება მობილობის ხელშემწყობ საქმიანობას და ეს არის ბალანსი ეკონომიკასა და პანდემიას შორის.