რა შეზღუდვები ამოქმედდება ხვალიდან – მაია ცქიტიშვილის განმარტება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა იმ შეზღუდვებზე ისაუბრა, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ყველა ის ობიექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ფუნქციონირებას გააგრძელებს.
„ხვალინდელი დღის 21:00 საათიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ძალაში შედის გადაადგილების შეზღუდვა როგორც პირადი ავტომობილითა და ტრანსპორტით, ასევე, ქვეითად.
გარდა ამისა, შეწყდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. ეს შეზღუდვაც ვრცელდება საქართველოს მასშტაბით. ასევე, მომსახურების რეჟიმში ფუნქციონირებას შეწყვეტენ რესტორნები და კვების ობიექტები. თუმცა, ყველა ეს დაწესებულება, ვისაც ექნება სურვილი, გააგრძელებენ მუშაობას მიტანის და გატანის რეჟიმში.
მოგეხსენებთ, ქვეყნის მასშტაბით შეჩერდება ფიტნესკლუბების და საცურაო აუზების საქმიანობა. ასევე, ყველა კონფერენცია, ტრეინინგი, ან მსგავსი ტიპის შეკრება გადავა დისტანციურ რეჟიმში.
შეზღუდვების პირველი ეტაპის განმავლობაში, მაყურებლის თანდასწრებით ვერ გაიმართება სპორტული და კულტურული ღონისძიებები.
გარდა ამისა, ჩვენ უკვე გამოცხადებული გვაქვს შეზღუდვები საქართველოს რვა ქალაქსა და სათხილამურო კურორტებზე, სადაც გააჩერებს ფუნქციონირებას მუნიციპალური ტრანსპორტი და ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, აფთიაქებისა, ვეტერინარული ობიექტებისა, აგრო-სასურსათო საქონლის მიწოდების სერვისებისა. ყველა სხვა სავაჭრო სექტორი გადავა დისტანციურ მომსახურებაზე. აგრარული ბაზრები გააგრძელებენ ფუნქციონირებას. ასევე, გააგრძელებენ მუშაობას ბენზინგასამართი სადგურები, პროფილაქტიკები“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.