ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის მოსაზრებას სუროგაციის შესახებ არ ეთანხმება

  ბიძინა ივანიშვილი საშობაო ეპისტოლეში პატრიარქის მოსაზრებას სუროგაციის შესახებ არ ეთანხმება. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” პრეზენტაციაზე განაცხადა.
“მეც შევდივარ საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც უდიდეს პატივს სცემს საკუთარ ისტორიას, ტრადიციებს, საკუთარ ეკლესიას, მართლმადიდებლობას. უდიდეს პატივს ვცემ თვითონ პატრიარქს, ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს მასთან და ძალიან მიყვარს. მაგრამ საზოგადოებამ უნდა გადალახოს ის ბარიერი, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული და, იქ რაც ითქმება და როგორც ითქმება, უმწიკვლო და ხელშეუხებელია. პატრიარქი ბრძანებს, თუ ეკლესიის სხვა მსახური, ეს დამოკიდებულება, ჩემი აზრით, არის ზედმეტად გაფეტიშებული და გადაჭარბებული. ეს არ უნდა იყოს ასე. ამას არ საჭიროებს არც პატრიარქი და არც ეკლესია”,-განაცხადა ივანიშვილმა. ყოფილი პრემიერის თქმით, ეკლესიაში არანაკლები პრობლემებია, ვიდრე საზოგადოებაში.
“ასეც უნდა იყოს, რადგან ეს ჩვენი საზოგადოების ნაწილია, ეკლესიის მსახურნი  ჩვენი თანამოქალაქეები არიან რა დამოკიდებულებაც არსებობს, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული, ჩემი აზრით, შეურაცხმყოფელია ჩვენი საზოგადოებისთვის და არ საჭიროებს ამას თვითონ ეკლესია და არ არის სწორი საზოგადოების ეს დამოკიდებულება. ისევე შეიძლება კრიტიკა, ისევე შეიძლება შეეშალოთ იქაც, იქაც შეიძლება მოხდეს ცუდი ამბები, გაუგებრობა, დარღვევები ეკლესიაში და არის კიდეც. ჩვენ ეს კარგად ვიცით. იქაც არის და ნუ გეშინიათ ამაზე საუბრის. თუ გინდათ, რომ უკეთესი იყოს, ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ისინიც საჭიროებენ კრიტიკას, ისინიც საჭიროებენ მითითებას”,-განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის შეფასებით, შესაძლოა, პატრიარქმა საკუთარი მოსაზრება გაახმოვანოს, თუმცა საზოგადოება არ დაეთანხმოს ამას.
“ამ დროს ყველას შეიძლება შეეშალოს, პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს. პატრიარქმა შეიძლება ბრძანოს ის, როგორც თვითონ უყურებს, მაგრამ ჩვენ არ გავიზიაროთ. ეს ნორმალურია, არ გვინდა ეს დოგმები.
თუ გაიხსენებთ ისტორიას, ეკლესია წამლების წინააღმდეგიც იყო. დღეს მშვენივრად წამლობს ყველა. როდესაც ცოლ-ქმარს შვილის გაჩენის საშძუალება არ აქვს, ამაში მედიცინა ერევა, ახალი სიცოცხლე ჩნდება და აქ საკამათო არაფერი არ არის. შეიძლება ოდნავ საკამათო იყოს ის სუროგატი დედა, რაზეც კანონმდებლობას უნდა დახვეწა. ძალიან ბევრი გაზარმაცებული ქალბატონია, რომელსაც ყველა საშუალება აქვს, გააჩინოს და ამის სურვილი არ აქვს, ეს სხვაა”,- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში სუროგაცია გაგონილიც არ ჰქონდათ, როდესაც იგი მის ახლობელს დაეხმარა სურიგაციის გზით ბავშვის გაჩენაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები