ივანე მაჭავარიანი: ახალი მოლაპარაკებები ვალების მოზიდვასთან დაკავშირებით არ იგეგმება
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მოლაპარაკებები დამატებითი ვალების მოზიდვასთან დაკავშირებით არ იგეგმება და დღეს დაანონსებული დახმარების პაკეტი, რომელიც ბიუჯეტს 1.1 მილიარდი ლარი დაუჯდება, უკვე მოზიდული თანხებით დაფინანსდება.
„2021 წლის ბიუჯეტით იცით, რომ უახლოეს დღეებში შევალთ პარლამენტში. მომდევნო წელს ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის შენარჩუნება გვიწევს, შესაბამისად, ეს იქნება დაფინანსების წყარო. თანხები, რომლებიც წელს მოვიზიდეთ და უკვე ხელმოწერილი გვაქვს, სრულად ჰყოფნის ამ სფეროების დაფინანსებას, ამიტომ, განსაკუთრებული ახალი მოლაპარაკებები ვალების მოზიდვასთან დაკავშირებით არ იგეგმება. გადაუდებელი თანხები, 1.5 მილიარდი, რაც წელს მოვიზიდეთ ამ კრიზისზე რეაგირებისთვის, მსგავსი მომდევნო წელს არ დაგვჭირდება, რადგან ეს თანხები მეტობით გვქონდა მობილიზებული და გავაგრძელებთ ხარჯვას. თუმცა, ვალების შემცირებას იმ ტემპით ვერ დავიწყებთ, როგორც გვინდა, რომ დავიწყოთ“, – განაცხადა მინისტრმა.