დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციამ რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი მომხრეების ჯანმრთელობა და ეს გახლდათ საფრთხე მთელი საზოგადოებისთვის
„სამწუხაროა, რომ მთელს მსოფლიოს და, მათ შორის, ჩვენც გვიწევს ისევ პანდემიის რეჟიმში ცხოვრება”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ტვ „იმედის” ეთერში განაცხადა.
მან ყურადღება კორონავირუსის გავრცელების მატების მიზეზებზე გაამახვილა.
„ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობა არსებულ რეკომენდაციებს არ იცავდა, ასევე, შემთხვევების მატებას ხელს ვირუსის სეზონურობაც უწყობს, თუმცა, მთავარი ბიძგი ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას საპროტესტო აქციებმა მისცა. რა თქმა უნდა, ფეთქებადი ბიძგი მისცა ქუჩაში ოპოზიციის მიერ მოწყობილმა აურზაურმა. წარმოიდგინეთ, მთელი მსოფლიო ემზადება შესაძლო მეორე ტალღისთვის, დარგის სპეციალისტები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ მთავარი იარაღი გამოვიყენოთ – ფიზიკური დისტანცირება და პირბადე, რომ არ გავრცელდეს ინფექცია და, პრაქტიკულად, ოპოზიციამ ეს იარაღი აყარა, პირველ ყოვლისა, საკუთარ მომხრეებს და რისკის ქვეშ დააყენა მათი ჯანმრთელობა და სწორედ ეს გახლდათ საფრთხე მთელი საზოგადოებისთვის”, – განაცხადა ხუნდაძემ.