მიხეილ ჩხენკელმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სიტყვით მიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა სან დიეგოს უნივერსიტეტის პრეზიდენტს და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილეს საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. სულ ახლახან ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტმა კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა. ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ხელშეკრულება და SDSU-საქართველოს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამები.

საქართველოს მთავრობასა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის თანამშრომლობის შედეგად წელს, რეგიონში პირველად, თსუ-ს ორმა საბაკალავრო პროგრამამ მიიღო ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია, რაც ძალიან დიდი მიღწევაა საქართველოს აკადემიური სივრცისთვის. ამასთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრძელებენ ABET-ის აკრედიტაციის სტანდარტების მიხედვით შემუშავებული სტრატეგიის განხორციელებას და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ისინიც შეძლებენ სტუდენტების მიღებას საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამებზე”,- განაცხადა ჩხენკელმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ SDSU-საქართველოს აკადემიური პროგრამები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს აბიტურიენტებში და უნივერსიტეტს არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, მათგან 61% უკვე დასაქმებულია, ხოლო 39% კი სწავლას მაგისტრატურის საფეხურზე საზღვარგარეთ აგრძელებს.

მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას სან დიეგოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი და რექტორი ადელა დე ლა ტორე და სალვატორ ჰექტორ ოჩოა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ჯონათან ბრუკსი, აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ოფიცერი ქეთრინ შვეიცერი, ათასწლეულის ფონდი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, სან დიეგოს უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალის დეკანი ჰალილ გუვენი და SDSU-ს პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი ზედანია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე ესწრებოდნენ.

საბჭოს წევრებმა SDSU-საქართველოს საქმიანობის შედეგები შეაჯამეს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართულებით საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამების განხორციელების საკითხზე იმსჯელეს და ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავების გზები, ასევე, სტუდენტების დასაქმების პერსპექტივები განიხილეს.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის დაფინანსებით, მაღალი ხარისხის ტექნოლოგიურ და საინჟინრო ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს 2015 წლიდან ახორციელებს. SDSU-სთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს სამ პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, ეძლევა შესაძლებლობა, მოიპოვოს აკრედიტაცია და თავად განახორციელოს საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამები მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) დარგებში.

აღსანიშნავია, რომ თსუ გახდა პირველი უნივერსიტეტი ABET-ის ისტორიაში, რომელმაც პირველივე ჯერზე მიიღო ამერიკული აკრედიტაცია შემდეგ პროგრამებზე: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები