ამირან გამყრელიძე: თუ არ გავამკაცრეთ შემზღუდველი ღონისძიებები, შეიძლება, პიკი დიდხანს გაგრძელდეს

“პროგნოზის მიხედვით, დეკემბრის პირველ კვირაში კორონავირუსის შემთხვევათა ზრდა გვექნება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შემზღუდველი ღონისძიებები არ გამკაცრდება, შესაძლოა, პიკი დიდხანს გაგრძელდეს.

„აქტიურად ვთანამშრომლობთ ვაშინგტონის ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტთან. აღნიშნული ინსტიტუტი ყოველკვირეულ განახლებებს აკეთებს სხვადასხვა რეგიონის, მათ შორის ევროპის და რადგან ჩვენ ვართ ძალიან ახლო პარტნიორები, ასევე საქართველოსაც გვიკეთებს პროგნოზირებას. მათი გათვლების მიხედვით, სწორედ დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებოა ქვეყანაში როგორც შემთხვევათა, ისე სიკვდილიანობის ზრდის კუთხით. პროგნოზის მიხედვით, დეკემბრის პირველ კვირაში გვექნება შემთხვევათა ზრდა და პირდაპირ არის მითითებული, თუ არ შემოვიღეთ და არ გავამკაცრეთ შემზღუდველი ღონისძიებები, შესაძლოა, პიკი დიდხანს გაგრძელდეს. ბევრ სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით ეს ინსტიტუტი ციფრებს შემდეგ ამოწმებს რამდენიმე დიდ ინსტიტუციასთან. ამ კვლევების მიხედვით, აუცილებელია, გავამკაცროთ აღსრულება არსებული რეგულაციებისა და დავამატოთ, გავაფართოოთ ეგრეთ წოდებული წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება მეტად მკაცრი მასშტაბით. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო, დღესაც ბევრი მსჯელობა იყო ამ საკითხზე, ვფიქრობ, ხვალაც გაგრძელდება და უახლოესი ორი დღის განმავლობაში საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები