მაია ცქიტიშვილი: განვიხილავთ ისეთი ტიპის შეზღუდვებს, რომლებიც ზოგადად ყველა ქვეყანაში გამოიყენება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვისთვის

განვიხილავთ ისეთი ტიპის შეზღუდვებს, რომლებიც ზოგადად ყველა ქვეყანაში გამოიყენება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვისთვის, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც შეზღუდვებს შეეხებოდა.

მისივე თქმით, მთავრობა განიხილავს იმ ტიპის შეზღუდვებს, რომლებიც ზოგადად ყველა ქვეყანაში გამოიყენება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვის მიზნით.

„განვიხილავთ ისეთი ტიპის შეზღუდვებს, რომლებიც ზოგადად ყველა ქვეყანაში გამოიყენება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვისთვის. როგორც ყველამ ვიცით, რამდენიმე ყველაზე ეფექტური საშუალებებია პირბადე და სოციალური დისტანცია. შეგახსენებთ, დაწესებულია ეს რეგულაცია, რომლის ფარგლებშიც, გარეთაც სავალდებულოა პირბადის მოხმარება და ამ თვალსაზრისითაც კიდევ უფრო გააქტიურდება ადმინისტრაციული კონტროლი, რათა მივაღწიოთ პირბადის მოხმარების ისეთ დონეს, რომელიც უზრუნველყოფს გადაცემის შენელებას. ეს ყველაზე მარტივი, მაგრამ აუცილებელი მოთხოვნაა, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ. რაც შეეხება სხვა ტიპის შეზღუდვებს, ასევე რაც უკვე ვიცით ეპიდემიოლოგებისგან, მეორე ყველაზე აქტიური და ყველაზე ქმედითი ზომაა მობილობის შემცირება. სწორედ, მობილობის შემცირებისკენაა მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები, როლებიც ერთის მხრივ, შესაძლოა იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, მეორეს მხრივ შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო ან არასამუშაო დღეების განმავლობაში გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით, ან ისევ მათი საათების რეგულირების თვალსაზრისით. ამ ზომების კომბინაციაც არის შესაძლებელი. ეს არის სწორედ ის, რასაც მთელი მსოფლიო აკეთებს. ჩვენ აქტიურად ვისმენთ ინფორმაციას, მათ შორის, თქვენი მედიასაშუალებებითაც, იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეზღუდვები მოქმედებს სხვადასხვა ქვეყნებში და ვინაიდან ერთ დაავადებაზე ვსაუბრობთ, მსოფლიოში ერთი და იგივე პრინციპებია და ჩვენც ამ შეზღუდვებიდან უნდა ავირჩიოთ ის შეზღუდვები, რომლებიც იქნება ქმედითი, იქნება ორიენტირებული გადაცემის ჯაჭვების გაწყვეტასა და გავრცელების შენელებაზე და მეორეს მხრივ, იქნება ისეთი შეზღუდვები, რომლებიც ნაკლებად დააზიანებს სხვადასხვა სექტორს,”- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა, რომ შეზღუდვები შეეხოს შაბათ-კვირას, ვიცე-პრემიერმა უპასუხა, რომ შესაძლებელია.

„შესაძლებელია, ეს იყოს შაბათ-კვირა, შესაძლებელია ეს იყოს კვირის კიდევ რომელიმე დღე, ან შესაძლებელია ეს იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცოტა უფრო ხანგრძლივი შეზღუდვა, მაგრამ ისევ და ისევ ჩვენ ვრჩებით წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში, რაც გულისხმობს იმას, რომ შეზღუდვები იქნება იქ, სადაც ეს არის მეტად საჭირო,”- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები