გიორგი ვოლსკი – მეზვრიშვილზე: წავიდა, ადამიანები ვართ, სხვა სამუშაოზე გადავა, დავინახავთ მომავალში
,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი ნათია მეზვრიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას აფასებს.
ვოლსკის თქმით, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და ადამიანები ხან ინიშნებიან თანამდებობებზე, ხან ტოვებენ თანამდებობებს.
,,წავიდა, ადამიანები ვართ, სხვა სამუშაოზე გადავა, დავინახავთ მომავალში. ცხოვრობენ ადამიანები ამ ქვეყანაზე, იღებენ გადაწყვეტილებებს, ზოგი თანამდებობიდან მიდის, ზოგი მოდის, ზოგი კერძო სექტორში გადადის. გიორგი გახარიას გარშემო, ჩვენ გარშემო ეს ერთი გუნდია და საკმაოდ კარგი და ძლიერი ფიგურები არსებობენ. რაც შეეხება თავად ნათია მეზვრიშვილს, კარგი მუშაკი იყო, ყოველთვის გამორჩეული თავის პრინციპულობით”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტაციის უფროსის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან დღეს სოციალურ ქსელში დაწერა.